ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი არანაირად არ იმსახურებს იმას, რომ კულისებიდან იმართებოდეს

 

   ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პასუხობს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, იგი შეურაცხყიფილია გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებით, რომ ხელისუფლება კულისებიდან იმართება. ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტმა ამ სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენა ჯერ მთავრობას, ხოლო შემდეგ პირადად მას. „ირაკლი ღარიბაშვილი არანაირად იმსახურებს იმას, რომ კულისებიდან იმართებოდეს. ის არის აბსოლუტურად ეფექტური მინისტრი, რომელიც დღე და ღამე მუშაობს. მერე შეუძლებელია კულისებიდან მართვა, ის ვისაც წამოდგენა აქვს მართვაზე, მთავრობის მართვა კულისებიდან შეუძლებელია. 6 თვე ურეკში ვიყავი. ერთხელ ვნახე ღარიბაშვილი, მერე ახლა ჩემი პოზიცია ნახეთ, მე როგორ შეურაცხყოფას მაყენებენ, ვისაც პასუხი უნდა გავცე, ნაცებს მე პასუხს არა ვცემ. ეგენი პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდნენ უკვე და აზრი არა აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ? მე, ჩემი ბიოგრაფიით, ჩემი წარსულით, გნებავთ, უახლოესი წარსულით, მოვედი, შეუძლებელი რაც ეგონათ ნაციონალებს და მთელ მსოფლიოს, გავაკეთე, მასში ჩემი წვლილი იყო საკმარისი, განცხადებები აბსოლუტურად თანმიმდევრობით: მოვალ, დავალაგებ, წავალ, იმიტომ რომ მე პოლიტიკაში ყოფნის სურვილი არ მაქვს და სხვა რამეს გავაკეთებ, ყველაფერი თანხვედრაში მოვიდა. ყველაფერი გავაკეთე ისე, როგორც ვთქვი. თუ მინდოდა პოლიტიკაში ყოფნა და მართვა, ვინ მიშლიდა ხელს? მესმის, რომ კულისებიდან მართოს იმ კაცმა, ვისაც ლეგიტიმური უფლებები არ აქვს, მსგავსი პრეცენდენტები მსოფლიოში არ არსებობს. ამის გაიქიაქივება მოინდომეს, ვიღაც ანალიტიკოსებმა, რაღაც ტელევიზიებში, რომ უამრავი პრეცედენტი იყოო. ვერც ერთი, პირადად მე ვერ ვნახე, რომ მოვედი, ყველაზე რთული მოვლენები დავალაგე და თანამდებობის პიკში წავედი პოლიტიკიდან. ნაცებს არ ვცემდი პასუხს, მაგრამ მას პასუხს ვცემ. ეს არის შეურაცხყოფა მთავრობისადმი და შეურაცხყოფა ჩემდამი, აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთავრობა კულისებიდან არ უნდა იმართებოდეს. ეს განცხადება, გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, უცხოეთში ვიზიტისას გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები