სოზარ სუბარი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შავშვების ჩასახლებაში დევნილებს შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი , მინისტრის მოადგილე გვანცა შენგელია და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლაურა ტუკი შავშვების ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შავშვების ჩასახლებაში, 2008 წლის ომის შემდეგ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დევნილებისათვის 177 კოტეჯი (564 ადამიანი) აშენდა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, მინისტრთან ერთად, გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და დევნილთა საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს, შავშვების ჩასახლების ყველა კოტეჯს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით თბო და ჰიდროიზოლაციით დათბუნების სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე მოხდა კოტეჯების გვერდითი გადახურვა, რაც შენობებს წვიმისაგან იცავს.
სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გალინა ქელეხსაევას კოტეჯი დაათვალიერეს.
ქალბატონი გალინა, 2008 წლის ომის დროს ქმარს საქართველოში გამოყვა და დევნილი გახდა. როგორც თავად იხსნებს, ქართული ენა მხოლოდ მას შემდეგ ისწავლა, რაც მისი ოჯახი შავშვებში დასახლდა. ამჟამად, გალინა ქელეხსაევა 2 დევნილ ქალბატონთან ერთად სამკერვალოს ამუშავებს, პროდუქციას დევნილთა ჩასახლებებსა და გორში ყიდის. ქალბატონი გალინას განცხადებით, დევნილი ოჯახებისათვის პროდუქციას შეღავათიან ფასში კერავს.
შავშვების ჩასახლების გარდა, მსოფლიო ბანკმა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, დევნილებისათვის არაერთი პროექტი განახორციელა. სოფელ კარალეთში აშენდა საფეხბურთო სტადიონი, ქალაქ ბორჯომში მოხდა სამი ობიექტის გაზიფიკაცია. გორისა და ქარელის რაიონის 3 სოფელში აშენდა სათავსოები დევნილი ოჯახებისათვის.