ირაკლი ალასანია დავით უსუფაშვილს შეხვდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ალასანიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთნ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოხდა თავდაცვის ახალი მინისტრისთვის საქმიანობის გადაბარება. მისივე თქმით, შეხვედისას საპარლამენტო საქმიანობასა და უმრავლესობიდან ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ გამოსვლის თაობაზეც ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ იმ თემებზე, რაც ეხება თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ურთიერთობებს. მას გარკვეული ინფორმაცია მივაწოდე, თუ როგორ მოხდა ახალ მინისტრზე ფუნქციებისა და მოვალეობების გადაბარება. ხედვები გავცვალეთ. ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკაში ბოლო დღეებში კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარებულ მოვლენებზე და ჩვენი ფრაქციის გამოყოფაზე უმრავლესობიდან. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ მთავარია ამ პროცესში მომავალში საპარლამენტო ცხოვრებაში პროცესები წარიმართოს ისე, რომ სახელმწიფო პირიქით გამყარდეს და არ დაზიანდეს. ანუ სახელმწიფოებრივი ინტერესები ყველა პოლიტიკური ძალისთვის, უმრავლესობისთვის და ჩვენთვისაც იქნება ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა ალასანიამ.
მანამდე კი ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები გაიარა.