მხატვარი, რომელიც მეტროს მგზავრებს ხატავს: მეტრო ჩემი სამყარო და მეორე სახლია
საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად, მეტროთი მგზავრობა მეც ხშირად მიწევს. თითქმის ყოველდღე – სახლიდან სამსახურამდე და პირიქით. პირველი, ვინც მეტროში ჩასვლისას ფანქრით და ფურცლებით თვალში მხვდებოდა, ქალბატონია, რომელიც მგზავრებს ხატავს. გუშინ სამსახურიდან სახლისკენ მიმავალს სურვილი გამიჩნდა, ჩემი პორტრეტიც დაეხატა და გამოველაპარაკე.
როგორც მას ხალხი უწოდებს, „მეტროს მხატვარმა“ – ზიზი ზარიძემ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, სამხატვრო აკადემია და ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა დაამთავრა. წლების წინ მუზეუმში მუშაობდა. ახლა კი ცხრა წელია მეტროში ადამიანების პორტრეტებს, თითქმის ენთუზიაზმით ხატავს. მისი შემოსავალი პორტრეტიდან მიღებული კმაყოფილი ადამიანების შემოწირულობაა.
„მეტროში ცხრა წელია ვხატავ. მანამდე, პუშკინის სკვერში და სხვადასხვა ადგილას ვხატავდი. მეტრო უფრო საინტერესოა, ბევრ ამბავს და ისტორიას ვგებულობ. რაც მთავარია, ხალხი მაფასებს, პატივს მცემს და საჩუქრებს – სხვადსხვა სახის აქსესუარებს მჩუქნიან. მეტროში სამი საათიდან ღამის პირველ საათამდე ვხატავ. მუდმივად ცვალებადია გარემო, ახალი სახეები, დაღლილი მგზავრები… მე მიყვარს ისინი. მეტრო ჩემი სამყარო და მეორე სახლია“, – ამბობს ზიზი ზარიძე.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მასთან მოვასწარი, პორტრეტების მოწყენილ და სევდიან სახეებს ეხება. მან კი მიპასუხა: „მაინც ყველა იმქვეყნად მივდივართ…“
ზიზი ზარიძეს მეუღლე და ერთი ბიჭი ჰყავს. შვილიც პროფესიით მხატვარია – მინანქარზე და კერამიკაზე მუშაობს.
მარიამ ლომინაძე