სკანდალი: გენერალმა დავით ნაირაშვილმა აგვისტოს ომის დროს ძაღლის გადასარჩენად შვეულმფრენი გამოყო
მუხროვანის „სპეცოპერაციის“ მონაწილე ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში სამხედრო ატაშეს თანამდებობას ინარჩუნებს
მუხროვანის სკანდალური კადრების მონაწილე, გენერალი დავით ნაირაშვილი დღემდე სამხედრო ატაშეს თანამდებობას იკავებს. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ის დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოდან ჯერ არ გამოუწვევიათ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები გენერალ ნაირაშვილის პასუხისგებაში მიცემას დაუყოვნებლივ ითხოვენ. მათი განცხადებით, გამოძიებამ ის ეჭვმიტანილის სახით უნდა დაჰკითხოს.
კიდევ ერთ სკანდალურ ბრალდებას დავით ნაირაშვილს გენერალი ტრისტან წითელაშვილი უყენებს. როგორც წითელაშვილმა „კვირას“ განუცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამხედრო მაღალჩინოსანმა საკუთარი ძაღლის გადასარჩენად კოპიტნარიდან სახელმწიფოს კუთვნილი შვეულმფრენი გამოიყენა და ის თბილისში გადმოაფრინა. არსებული ინფორმაციით, ნაირაშვილს, მაშინ როდესაც ის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის პოზიციაზე იმყოფებოდა, ძაღლი სამსახურშიც ხშირად დაჰყავდა. წითელაშვილის თქმით, ომის დროს, როდესაც დაჭრილი ჯარისკაცები შველას ითხოვდნენ და გარდაცვლილი ჯარისკაცები ტყიდან ვერ გამოჰყავდათ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკას მაშინდელი მაღალჩინოსნები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ.
„დავით ნაირაშვილმა, დავით კეზერაშვილმა და ზაზა გოგავამ ომის დროს საკუთარი ინტერესებისთვის სახელმწიფოს შვეულმფრენები გამოიყენეს. მათ ჩათვალეს, რომ თბილისში რუსების ქვედანაყოფები შემოვიდოდნენ და საკუთარი ნივთები საჰაერო ძალების ვერტმფრენებით გადამალეს. როდესაც დაჭრილი ჯარისკაცები შველას ითხოვდნენ, შვეულმფრენები დაჭრილი ჯარისკაცებისთვის უნდა გამოეყენებინათ და მათი სასწრაფო ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, თუმცა, საჰაერო ძალების მაშინდელმა სარდალმა ჯარისკაცების სიცოცხლეს ძაღლი არჩია. იქ იყვნენ მიცვალებულებიც. გარდაცვლილები მან გორში დატოვა და არც მათ გადმოსვენებაზე უზრუნია. გეკითხებით, ასეთ ადამიანს აქვს მორალური უფლება, რომ საქართველოს სახელით ქვეყნის გარეთ საუბრობდეს? მას საქართველოში მუშაობის უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს!“, – აცხადებს გენერალი ტრისტან წითელაშვილი.
წითელაშვილი ხელისუფლებას ნაირაშვილის სამხედრო ატაშეს თანამდებობიდან გამოწვევას და მის პასუხისგებაში მიცემას კატეგორიულად სთხოვს.
„ჩემი აზრით, დავით ნაირაშვილის დაკითხვა უკვე დაგვიანებულიც არის. იმ კადრების შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა და რეაგირებაც კი არ მომხდარა. ვფიქრობ, რაღაც გარიგებას აქვს ადგილი, ამ ქვეყანაში ორმა პოლიტიკურმა ძალამ რაღაც უმსგავსო კოჰიბატაცია შემოიტანა და ეს საკითხი ალბათ ამიტომაც ჭიანურდება. ის სამხედრო ატაშეა და დღემდე ასრულებს თავის მოვალეობას. როგორ შეიძლება დავით ნაირაშვილი საქართველოს სახელით შეხვედრებზე დადიოდეს და ჩვენი ქვეყნის სახელით საუბრობდეს?! ნაირაშვილი სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ბინძურ ბრძანებებს ასრულებდა. მუხროვანის სკანდალური კადრები, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, იმ ქვეყნებშიც ნახეს, სადაც ის მაღალ პოზიციას იკავებს. დღეს ის ლონდონში საქართველოს სახეა. წარმოუდგენელია, ადამიანი, რომელიც ამ დანაშაულის თანამონაწილე იყო, დღემდე თანამდებობას ინარჩუნებდეს“! -აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.
გენერალი წითელაშვილი სკანდალურ კადრებს კიდევ ერთხელ აფასებს.
„მაშინ დავით ნაირაშვილი იყო ავიაციის სარდალი, რომელსაც საქართველოს საჰაერო სივრცე მთლიანად უნდა გაეკონტროლებინა და ქვეყანა უნდა დაეცვა. არადა, იმ ცნობილი კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ ის მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დადგმულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. როდესაც მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ასეთი დანაშაული ხდება, პირდაპირი ბრძანებაა გაცემული ორი გვამის შესახებ, დავით ნაირაშვილი ამ დანაშაულის თანამონაწილეა. ამიტომ ეჭვმიტანილის სტატუსით მისი დაკითხვა დღესვე უნდა დადგეს დღის წესრიგში!“ – ამბობს ტრისტან წითელაშვილი.
მსგავსი მოთხოვნა აქვს თავდაცვის სამინისტროსთან ვიცე-პოლკოვნიკ რევაზ სახვაძესაც.
„ფაქტია, დავით ნაირაშვილი დღემდე თანამდებობას ინარჩუნებს. მისი გამოწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს. როგორც ვიცი, საქმე ძიებაშია. დავით ნაირაშვილის მიმართ მე სხვადასხვა შეკითხვა მაქვს. უახლოეს მომავალში მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტან, ახლა დოკუმენტაციას ვამზადებ. როგორც კი ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეგროვდება, სასამართლოში სარჩელს შევიტან. მასთან შეკითხვები 2008 წლის ომის დროს განვითარებული მოვლენების ირგვლივაც მაქვს. ის თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ უკანონო შესყიდვებში უშუალოდ მონაწილეობდა და ამ მიმართულებას კურირებდა. ქუთაისის ცალკეული საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონის დაშლაც მის კისერზეა, მის კისერზეა ჩემი დაპატიმრებაც და უამრავი კითხვა არსებობს მის გარშემო… მე 4 წელიწადი უსამართლოდ ვიხდიდი სასჯელს და შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გამათავისუფლეს“, – ამბობს „კვირასთან“ რევაზ სახვაძე.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც, სავარაუდოდ, მუხროვანის სპეცოპერაციას ასახავს, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, დათა ახალია, ერეკლე კოდუა, დავით ნაირაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს არიან აღბეჭდილი. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის და ბრძანებას გასცემს, “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
გენერალ დავით ნაირაშვილის 72 წლის დედამ მუხროვანის კადრების შესახებ პირველად „კვირასთან“ ისაუბრა. როგორც ეკატერინე ნაირაშვილმა განაცხადა, სკანდალური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მის სახლში სატელეფონო ზარები არ წყდებოდა და მომხდარი ძალიან განიცადა.
„იმ კადრების ნახვის შემდეგ ძალიან ვინერვიულე. მირეკავდნენ, მაწუხებდნენ, მაგრამ ჩემი შვილი მაშინ იმ თანამდებობაზე მუშაობდა და თავის მოვალეობას ასრულებდა. იმ კადრების შემდეგ ჩემსა და ჩემს შვილს შორის სატელეფონო საუბარი რამდენჯერმე შედგა, მაგრამ ის პოლიტიკაზე ტელეფონით არ საუბრობდა, ის მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. სამი თვის წინ ფეხის ოპერაცია გავიკეთე და ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეული მაქვს. ახლაც ვერ ვარ კარგად“, – ამბობს ეკატერინე ნაირაშვილი.
მთავარმა პროკურატურამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა „კვირასთვის“ ცნობილია, რომ გენერალი დავით ნაირაშვილი გამოძიებას დღემდე არ დაუკითხავს.
„კვირა“ გენერალ დავით ნაირაშვილის ქონებრივი დეკლარაციითაც დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მან ქონებრივი დეკლარაცია უკანასკნელად 2010 წლის 28 აპრილს შეავსო. მაშინ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. დეკლარაციით ირკვევა, რომ სამხედრო მაღალჩინოსანმა თანამდებობაზე ყოფნის დროს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 103 503 ლარი მიიღო. ნაირაშვილს დეკლარაციაში არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენია ამ თანხიდან ხელფასი და რამდენი პრემია, თუმცა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების თვიური ხელფასი ამ პოზიციაზე საშუალოდ 1255 ლარს შეადგენს. სწორედ ამ რაოდენობის თანხას იღებს დღეს მოქმედი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე დავით აფციაური. მან ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 15 060 ლარი მიიღო. ამრიგად, ერთსა და იგივე თანამდებობაზე მყოფ ორ სამხედრო მაღალჩინოსანს რადიკალურად განსხვავებული შემოსავალი აქვს. მათ შორის ხელფასის სხვაობა წელიწადში საშუალოდ 88 443 ლარს უტოლდება. ეს ის თანხაა, რომელსაც დავით ნაირაშვილი თავდაცვის სამინისტროში გენშტაბის უფროსის მოადგილის პოზიციაზე ყოფნისას, სავარაუდოდ, პრემიის სახით იღებდა.