სად გაქრა 40 ტონა კარაქი სამაცივრე საწყობიდან – რა კავშირი აქვს მომხდართან ზურაბ ადეიშვილს ?
შპს „ანა ჯორჯიას“ დირექტორმა შმაგი ლიკლიკაძემ “კვირას“ სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა.
შპს „ანა ჯორჯიას“ დირექტორმა შმაგი ლიკლიკაძემ 2009 წელს ექსკლუზიური უფლებით საქართველოში 170 ათასი ღირებულების ზელანდიური კარაქი “ვესტ გოლდი“ შემოიტანა და გარკვეული დროით სს “სააქციო პროდუქტის “ სამაცივრე საწყობში შეინახა, თუმცა, როდესაც კარაქის უკან გამოსატანად მივიდა, საწყობში უთხრეს, რომ კარაქი უბრალოდ გაქრა.
“ ბაქოდან მეგობარი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ მის მეგობრებს, რომლებიც ამიერკავკასიაში ზელანდიური კარაქის “ვესტ გოლდის“ შემოტანის ექსკლუზივს ფლობდნენ, კარაქის იმპორტი საქართველოშიც სურდათ და პარტნიორს ეძებდნენ. მე დამაინტერესა წინადადებამ და, მართლაც, დავიწყეთ მოლაპარაკებები. ჩამოვიტანეთ კარაქი. როდესაც კარაქის ბოლო პარტიაც მივიღე, ერთიანად – 40 ტონა რამდენიმე დღით “სააქციო პროდუქტის “ მაცივარში დავასაწყობე. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ჩემთან მოვიდა ვინმე ლექსო, რომელიც შემდგომში დავადგინე, რომ ზურაბ ადეიშვილის ძმის, დათო ადეიშვილის ძმაკაცის – შალვა ერისთავის მარჯვენა ხელი იყო. მან მითხრა, რომ ლიცენზიის მოპოვება მათაც სურდათ და პარტნიორობა შემომთავაზეს, თუმცა უარი ვუთხარი“,- განუცხადა “კვირას“ შმაგი ლიკლიკაძემ. ლიკლიკაძის თქმით, 4 დღის შემდეგ, როდესაც საწყობში მივიდა, განუცხადეს, რომ საქონელი საწყობში არ იყო. ლიკლიკაძე ჰყვება, რომ ამ ფაქტით ძალიან აღშფოთდა და სამართალდამცველების საქმის კურსში ჩაყენება გადაწყვიტა, თუმცა საწყობის დირექტორისგან – სერგო რუხაძისგან პირობა მიიღო, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერს დაადგენდა და საქმის გამწვავება არ ღირდა. შპს „ანა ჯორჯიას“ დირექტორის განცხადებით, დაპირება დაპირებად დარჩა და იძულებული გახდა, შესაბამისი ორგანოებისთვის მიემართა და კუთვნილი საქონელი კანონის გზით დაებრუნებინა.
“თავდაპირველად პროკურატურა დაინტერესდა თემით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა, მალავე დამირეკეს და მითხრეს, რომ ეგ თემა დაივიწყე. შენს საწარმოში შემოვალთ, და თუ დარღვევებს აღმოვაჩენთ, დაგაკავებთ კიდეცო. მართლაც, შემოვიდნენ ჩემს კომპანიაში, თუმცა, ვერანაირი სახის დარღვევა ვერ აღმოაჩინეს“,- განუცხადა “კვირას“ ლიკლიკაძემ.
ამის შემდეგ ლიკლიკაძემ პირადი ხერხებით სცადა გაერკვია, თუ რა მოხდა რეალურად და სად წავიდა 170 ათასი დოლარის ღირებულების კარაქი. კვლავ მიმართა სს “სააქციო პროდუქტის“ დირექტორს სერგო რუხაძეს და კუთვნილი საქონლის დაბრუნება სთხოვა. რუხაძემ კი უთხრა, რომ კარაქი ლიკლიკაძის მეგობარმა მიშა მაისურაძემ წაიღოო. როდესაც ლიკლიკაძე დაინტერესდა, თუ რატომ გაატანეს მის დაუკითხავად საქონელი მიშა მაისურაძეს, პასუხი ვერ მიიღო. ლიკლიკაძის მტკიცებთ, მიშა მაისურაძეს სს “სააქციო პროდუქტის“ ერთ-ერთი მეწილის ბიძაშვილის ვალი ჰქონდა და სწორედ ამ ვალში გაუთვალეს კუთვნილი საქონელი -კარაქი ისე, რომ მეპატრონეს არაფერი ჰკითხეს. მიშა მაისურაძე, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, უარყოფს, რომ მას ლიკლიკაძის კუთვნილი კარაქი გადასცეს.
ლიკლიკაძის თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად, შალვა ერისთავის მეგობარი, ვინმე ლექსო აზერბაიჯანში ჩავიდა და “ვესტ გოლდის“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ შმაგი ლიკლიკაძე გაანადგურეს და ლიცენზია მათთვის უნდა მიეცათ, თუმცა აზერბაიჯანელებისგან მტკიცე უარი მიიღეს. „როგორც შემდეგ გავიგე, ამ შალვა ერისთავს ზურაბ ადეიშვილის ძმის – დავით ადეიშვილის “მოლარეს“ ეძახდნენ, რადგან სწორედ ის აკონტროლებდა ამ ბიზნესებს“,-აცხადებს ლიკლიკაძე. ლიკლიკაძე ფიქრობს, რომ თავის დროზე პროკურატურის მიერ მისი საქმის გამოძიების შეჩერება იმჟამინდელი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ჩარევით მოხდა, რადგან მისი სახით ამ ბიზნესში კონკურენტი გამოჩნდა. შპს „ანა ჯორჯიას“ დირექტორს “სააქციო პროდუქტის“ წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი. ლიკლიკაძე იმედოვნებს, რომ პროკურატურა მისი საქმის გამოძიებას ახალი ხელისუფლების პირობებში აღარ გააჭიანურებს და სიმართლე დადგინდება.