ვაკე-საბურთალოს გზატკეცილს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი მიენიჭა – რომელ ქუჩებს შეეცვლებათ სახელები

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის ნაწილსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას ბერი გაბრიელის სახელი მიენიჭა, თუმცა როგორც „კვირას“ საკრებულოში განუმარტეს, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ თბილისში ჩოლოყაშვლის სახელობის ქუჩა აღარ არის.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ლია ჯახველაძის განმარტებით, ვიდრე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ყოფილ ქუჩას ბერი გაბრიელ სალოსის სახელი დაერქმეოდა, ჩოლოყაშვილის სახელი ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილს მიენიჭა. მისივე თქმით, მომავალში იპოდრომის შემოვლით გზასთან არსებული მოედნისთვის ასევე ეროვნული გმირის სახელის მინიჭება იგეგმება, ხოლო იქვე სკვერში ბიუსტი დაიდგმება.
„სანამ ჩოლოყაშვილის ყოფილ ქუჩას ბერი გაბრიელი სალოსის სახელს დავარქმევდით, მანამდე ქაქუჩა ჩოლოყაშვილის სახელი გადატანილი იქნა ვაკე-საბურთალოზე, იპოდრომის შემოვლით ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე, რომელიც თამარაშვილს უერთდება. იქ არის სკვერიც, რომელიც მომავალში ეროვნულ გმირთა სახელობის იქნება და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბიუსტიც დაიდგმება. ახალი მოედნისთვისაც ჩოლოყაშვილის სახელის დარქმევა იგეგმება. ჩოლოყაშვილის ქუჩა არსებობს წყნეთშიც. წყნეთი კი, როგორც იცით, თბილისს შემოუერთდა“, – განმარტა “კვირასთან” საუბრისას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ.
ამასთან, ლია ჯახველაძის თქმით, მოქალაქეების განცხადების საფუძველზე თბილისში არსებულ უსახელო ქუჩებს სახელი მიენიჭებათ და ეს საკითხი ყოველ დაგეგმილ სხდომაზე განიხილება.
რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ ხდება სხვადასხვა დოკუმენტაციაში ქუჩის შეცვლილი სახელის ასახვა, ჯახველაძის განმარტებით, ცვლილების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში და ყველა საჭირო ინსტანციაში იგზავნება, რის შემდეგაც ცვლილება ავტომატურად ფიქსირდება. მისივე განმარტებით, ქუჩისთვის სახელის შეცვლის გამო იქ მცხოვრებ მოქალაქეებს რაიმე სახის დოკუმენტაციის, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის სპეციალურად შეცვლა არ მოუწევთ, რადგან ეს დაბრკოლებაა არაა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბუთში მითითებული მისამართის სახელი ძველია, შესაბამის ბაზაში დაფიქსირდება და ეს რაიმე სახის დაბრკოლებას არ შექმნის.
„ცვლილების შესახებ დაგდენილების ნომერსა და ამონაწერს საჯარო რეესტრის სამსახურში და ყველა საჭირო ინსტანციაში ვაგზავნით და ყველა ინფორმაციის ჩანაცვლება ავტომატურად ხდება. ქუჩაზე მცხოვრებ პირებს რაიმეს, პირადობის, პასპორტის სპეციალურად შეცვლა არ სჭირდებათ. ინფორმაცია შესაბამის ბაზაში შეიცვლება და იქ ფიქსირდება. ყველგან იქნება მითითებული ქუჩის ყოფილი სახელი და მცხოვრებლები ძველი პირადობით ისარგებლებენ. ეს მათ არანაირ დაბრკოლებას არ შეუქმნით. გამოცვლა არ არის ვალდებულება“, – განაცხადა ჯახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები