აშშ-მა და ირანმა შვეიცარიაში დაგეგმილი მოლაპარაკებები გააუქმეს

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ პარასკევს შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში დაგეგმილი აშშ-ირანის მოლაპარაკებები არ გაიმართება.

„აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები 14-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელების შესახებ გაუქმდა“, – წერს The Guardian შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი პარასკევს შვეიცარიაში ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მიზნით არ გაემგზავრება.

წარმომადგენელმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები „მოუთმენლად ელის ტექნიკური მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას“.

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ამ კვირაში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ორივე მხარე გეგმავს 60-დღიანი ტექნიკური მოლაპარაკებების გამართვას ირანის ბირთვული პროგრამის ბედზე, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.

ვენსის თქმით, ეს 60-დღიანი პერიოდი ხუთშაბათს, 18 ივნისს დაიწყო. ამერიკულმა მედიასაშუალებებმა ამ კონტექსტში აღნიშნეს, რომ მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა, შესაბამისად, 17 აგვისტოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები