ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ჯარები სამხრეთ ლიბანს არ დატოვებენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ჯარები სამხრეთ ლიბანიდან არ გავლენ და იქ უსაფრთხოების ზონას საჭიროებამდე შეინარჩუნებენ.

ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ გააკრიტიკა ისრაელის ბრძოლა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და მას ზედმეტად აგრესიული უწოდა, ხოლო ირანი კვლავ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ვაშინგტონთან დადებული შეთანხმების პირობა ისრაელის ჯარების სრულად გაყვანაა.

„ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ჩრდილოეთის ქალაქებში. ეს მოითხოვს სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის შენარჩუნებას; ეს მოითხოვს, რომ ჩვენ იქიდან არ წავიდეთ, სანამ ისრაელის უსაფრთხოებას ასე სჭირდება“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ხელმომწერი არ არის ისრაელი, ლიბანში ყველა საომარი მოქმედების შეწყვეტას ითვალისწინებს.

ნეთანიაჰუსთან დაახლოებულმა ისრაელის მაღალჩინოსანმა დღეს „როიტერსს“ განუცხადა, რომ იერუსალიმი „ჯიუტ მოლაპარაკებებს აწარმოებს“ აშშ-თან სამხრეთ ლიბანში ჯარების განლაგების გაგრძელების საკითხზე. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ზონის განახლებული რუკა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიიდან არ გავიდოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები