ფაშინიანი სომხეთში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამორიცხა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა ოპოზიციის ბრალდებების ფონზე, რომ 7 ივნისს ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იყო.
„რა თქმა უნდა, არა. ჩვენ არ ვაპირებთ ახალი არჩევნების ჩატარებას“, – განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიამ ხმების 49.7%-ზე მეტი მიიღო, რამაც მას ახალი მთავრობის ერთპიროვნული ფორმირების საშუალება მისცა. „ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებლისა და მფლობელის, სამველ კარაპეტიანის, მეთაურობით ალიანსმა „ძლიერი სომხეთი“ ხმების დაახლოებით 23.3% მიიღო, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსმა „სომხეთი“ – 9.9%-ზე მეტი. ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის მეთაურობით პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმების დაახლოებით 3.9% მიიღო და 4%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც 7 ივნისის არჩევნებში პარლამენტში მოხვედრის უფლება უკანონოდ მოიპოვეს, პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ. მანვე დასძინა, რომ მისივე ხელმძღვანელობით პარტიის მომავალი დღის წესრიგი სამი ოპოზიციური ძალის, კერძოდ, კარაპეტიანის, ქოჩარიანისა და წარუკიანის, ქონების ჩამორთმევა იქნება.
„მათ უნდა იშიმშილონ, რათა საარჩევნო ქრთამის დარიგებაზე ფიქრიც კი არ გაივლონ. ეს პოლიტიკური დღის წესრიგია და ამ გაგებით, რევოლუცია აღარ შეიძლება იყოს ხავერდოვანი“, – თქვა ფაშინიანმა.