“ციხის საერთაშორისო რეფორმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სასჯელაღსრულების #8 და #18 დაწესებულებებს ეწვია
“ციხის საერთაშორისო რეფორმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი, ინგლისის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ვივიენ სტერნი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ გევინ სლეიდთან და ციხის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორ ენდრიუ კოილთან ერთად, სასჯელაღსრულების N8 და N18 (ცენტრალური საავადმყოფო) დაწესებულებებს ეწვია.
სამინისტროს ცნობით, სტუმრებმა 2014 წლის ივნისში გახსნილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო დაათვალიერეს, რომელიც პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში გარემონტდა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით სრულად აღიჭურვა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საავადმყოფოში დამატებით განთავსებულია 57-ადგილიანი ადაპტირებული საცხოვრისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ხანგრძლივი მოვლის სერვისებით. მათივე ცნობით, შენობაში შეძლებისდაგვარად ყველგან გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები – ამ მიზნით ხანმოკლე პაემნების ოთახში გაიმართა პანდუსი, ადაპტირებულია საპირფარეშოები და საშხაპე, ასევე მომზადებულია სპეციალური პალატები, სადაც ავეჯი და ინფრასტრუქტურა გათვლილია შშმპ-თა საჭიროებებზე.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებას, აქ სტუმრები განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ და დაწესებულების ადმინისტრაციას გაესაუბრნენ.
„დავათვალიერეთ ციხის ცენტრალური საავადმყოფო, რომელსაც მაღალკვალიფიციური პერსონალი მართავს, საავადმყოფო არის ძალიან მაღალი სტანდარტების, მე ვიტყოდი ისეთივე მაღალი სტანდარტის, როგორიც ეს სამოქალაქო სექტორშია ხოლმე. ამ მოკლე ვიზიტის ფარგლებში ძალიან ძნელია ყველაფერი დეტალურად შეისწავლო, მაგრამ ეს ვიზიტი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე, თუ რამდენად მოწოდებულია დაწესებულების დირექტორი და საავადმყოფოს პერსონალი საუკეთესო მუშაობისთვის. ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ“ – განაცხადა ციხის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ენდრიუ კოილმა.
ბარონესა ვივიენ სტერნმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულება ერთი წლის წინაც მონახულა, უვადო პატიმრებსა და სამეურნეო ნაწილში დასაქმებულ მსჯავრდებულებს შეხვდა, დადებითად შეაფასა უვადო პატიმრების საცხოვრებელი პირობები და აღნიშნა, რომ მათთვის განკუთვნილი საკნების ფართობი საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ციხეებში.