ლიბანი ისრაელის თავდასხმების შედეგად 31 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება
ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ღამით რამდენიმე დარტყმა განახორციელეს სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში მდებარე დასახლებებზე, რომლებიც შიიტური ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ დასაყრდენს წარმოადგენენ.
რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 31 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.
„ქალაქ ტვიროსში, ბურჯ ალ-შიმალის ბანაკზე მტრის საჰაერო თავდასხმის შედეგად , თექვსმეტი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და სამი ქალი, დაიღუპა. კიდევ ექვსი ლიბანელი დაიღუპა სოფელ მაარაკაში“, – ნათქვამია უწყების ანგარიშში.
საიდას მახლობლად, კაუტარია-რუზში ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნაბატიეს პროვინციაში, ჰაბუშში ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი.
26 მაისს, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2 მარტს, სამხედრო ესკალაციის დაწყებიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 213-ს მიაღწია, ხოლო დაშავდა 9 737 ადამიანი.