როგორ იგეგმებოდა პატრიარქის „დაზიანება“ და მეუფის მკვლელობა – ინტერვიუ მოწმესთან

              გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს ინტერვიუს ერთ-ერთი მოწმესთან, გოდერძი ჯოლოხავასთან, რომელისგანაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, როგორც თავად განაცხადა, შეიტყო, რომ იგეგმებოდა პატრიარქის დაზიანება და მეუფის მკვლელობა.
ჯოლოხავა გამოცემასთან ინტერვიუში ჰყვება, თუ რა შეიტყო მან ციხეში ბაჩანა ახალაიასგან და რას ნიშნავს პატრიარქის დაზიანება, ან მეუფის მკვლელობის დაგეგმვა.

ინტერვიუ ჯოლოხავასთან:

ეს მოხდა 2011 წელს, მაისი იყო. ბაჩანა ახალაია მაშინ აღარ იყო სასჯელაღსრულების მინისტრი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის ამ სისტემას მაინც აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რისი მინისტრი იქნებოდა. მაშინ ადმინისტრაციის დავალებით ყინწვისის საქმეზე დაკავებულ ჯემალ გუნდიშვილთან შემიშვეს კამერაში. მავალებდნენ, რომ მასზე ზეწოლა მომეხდინა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, სულ ერთი იყო – ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური. მთავარი იყო ის, რომ მას მიეცა ჩვენება, თითქოს მონასტერში იარაღი ჰქონდათ შენახული მონასტერში, რომ ეკლესია მათთან ერთად იყო შეთქმული, საპატრიარქოს დახმარებით აპირებდნენ გადატრიალებას, თავის ბრალდებაზეც უნდა მიეცა აღიარება და ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, როგორც ეს მაშინდელ სისტემას აწყობდა. მე მეცოდებოდა გუნდიშვილი და ჩემი მხრივ სიტყვებს შუა ვახვედრებდი, რომ ჩემთან არ ესაუბრა. ვეუბნებოდი, შენ მაინც პოლიტპატიმარი ხარ, მე კი კრიმინალად ვითვლები და შეგიძლია სხვა საკანში გადასვლა მოითხოვო-მეთქი. მან მართლა დაუძახა ოფიცერს. მან კი უთხრა, შენი საქმე არ არის, ჩვენ ვის რომელ საკანში ჩავსვამთო. ასე თუ ისე, მივახვედრე რაღაცებს. თავიდან ჩვენ გარდა, კიდევ ერთი პატიმარი იყო, რომელიც რეჟიმის უფროსს, ოლეგ ფაცაციას ყველაფერზე დასთანხმდა.
– ამ ზეწოლაში იარაღის გამოყენებაც იგულისხმებოდა?
– კი, შეგვეძლო დანაც გამოგვეყენებინა. როცა ვიტყოდით, მაშინ მოგვაწოდებდნენ, იმ პატიმარმა გუნდიშვილს გაარტყა კიდეც და ჯემალი ოთხი დღე საჭმელსაც არ ჭამდა. მერე მე გავედი ფაცაციასთან და ვუთხარი, ის ჩვენიანი არ არის, გატყუებს და გადაიყვანე. გუნდიშვილს მე მარტო მივხედავ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. ერთხელ გამიყვანეს და დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს. იქ ახალაია დამხვდა. ხელი ჩამომართვა და მერე მკითხა, რატომ გვატყუებო. შენ აზრზე არ ხარ, სად ხარო. მერე ოლეგ ფაცაციას მიუბრუნდა, სერვანდიდან გამოიტანე კამერაო. ჩართო და მაყურებინა კაცების გაუპატიურებას, პატიმრების ოჯახის წევრების – ცოლის, დის გაუპატიურებას. მერე მითხრა, ეს ისინი არიან, ვინც ჩვენ მოგვატყუა, ამიტომ არ გირჩევ ასე მოქცევას და როგორც მეგრელს, ერთ შანსს კიდევ მოგცემო. თუ არ ხარ ამის გამკეთებელი, მაშინ შეეშვი და დავიშლებითო. მე შემეშინდა: ასეთი ინფორმაცია მქონდა, ასეთ რაღაცებს მავალებდნენ… მე რომ უარი მეთქვა, ესენი გამიშვებდნენ ცოცხალს? ჩიტივით კლავდნენ ხალხს და მე ვინ ვიყავი, საერთოდ…
– რა ჩაგითვალათ ტყუილში?
– რომ დავპირდი, გუნდიშვილს ვათქმევინებ-მეთქი და ის ჩვენებას მაინც არ ცვლიდა. ეს კადრები რომ მანახა, მერე მკითხა, შენ რამდენი წელი გაქვს მისჯილი და რაზე ზიხარო? თითქოს არ იცოდა.
– რაზე იჯექით?
– თაღლითობაზე, თუმცა ეს კიდევ საუბრის სხვა თემაა. ადვოკატის საშუალება არ მაქვს, რომ გავასაჩივრო, თორემ ნახევარ საათში გამომიტანეს განაჩენი და ეს საერთოდ დასაშლელი საქმეა… მერე ახალაიამ მითხრა, შენი „სროკი“ რა არის, ისეთი წლები გავატანეთ ხალხს, ვინც ერთგულად გვემსახურაო.
– რას გულისხმობდა?
– ახალაიამ მომიყვა, გახსოვს რუსთავის ზონაში აბანოში კაცი დენის დარტყმით რომ მოკვდაო? ეს ისტორია მახსოვდა და მიკვირდა, რადგან იქ დენი არ იყო. ახალაიამ მითხრა, ვინც ეს გააკეთა, ის კაცი ციხიდან გავუშვით. შენ რა, გგონია, ის პატიმარი მართლა დენის დარტყმით მოკვდაო? მერე მეუფე იობზე მითხრა, – ციხიდან ხალხი გავუშვით, მეუფე იობისთვის „ტორმუზები“ რომ გადაეჭრათო. აი, ასეთ ნდობაში ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ის გადარჩა, ამ ხალხს მაინც იმხელა „სროკი“ გავატანეთ, შენი „სროკი“ იმასთან რა არისო. შენ კი გარწმუნებთ, როგორც კი ამ საქმეს მოაგვარებ, შენც რამე სასიკეთოს გაგიკეთებთო.
– უნდა მოგეკლათ გუნდიშვილი?
– საბოლოოდ, ალბათ, ამასაც დამავალებდნენ, მაგრამ ჯერ უნდა ეთქვა, რომ შეკრული იყო ბურჯანაძესთანაც, საპატრიარქოსთანაც, რუსეთთანაც, გადატრიალების შემდეგ საქართველო ექვსი თვე უნდა ყოფილიყო საპატრიარქოს მმართველობის ქვეშ, პრეზიდენტის გარეშე. ამის მერე კი, ალბათ, გაასაღებდნენ. ახალაიასთან შეხვედრის შემდეგ საკანში დავბრუნდი. ორი დღის შემდეგ ფაცაციას ვუთხარი, ეს ეკლესიური ამბავია, არ მინდა ამაში გარევა, სხვაგან გადამიყვანე და რაც გინდა, ის დამავალე-მეთქი. მართლაც გადამიყვანეს მერაბ ყოლბაიასთან, იგივე კოჭოიასთან. ამერიკის საელჩოს აფეთქების მცდელობაზე რომ იყო დაჭერილი. მისი სასამართლო პროცესი იწყებოდა. პირველ ინსტანციაში აღიარება ჰქონდა მიცემული წამების შედეგად. მერე გადათქვა და ახლა ამ შემთხვევაშიც იგივეს მთხოვდნენ, როგორმე მიმეღწია მისგან აღიარებითი ჩვენებისთვის.
 სხვათა შორის, ჩვენ ვესაუბრეთ ჯემალ გუნდიშვილს და თქვენს შესახებ კითხვა დავუსვით. გვითხრა, რომ თქვენ იყავით ჩვეულებრივი „ნასედკა“, რომელსაც დიდი მხარდაჭერა გქონდათ ადმინისტრაციისგან. ნებისმიერ დროს შეგეძლოთ გასვლა და ყოველთვის გქონდათ ის, რასაც მოისურვებდით. მისივე თქმით, ამას ის კარგად ხვდებოდა. ამიტომაც ერთხელ მოგატყუათ, რის გამოც, თქვენ მაგრად გცემეს. მერე კი მას უსაყვედურეთ, ტყუილი რატომ მითხარიო. ის ამბობს, რომ თქვენ ყველა განცხადებას თქვენი გამორჩენის მიზნით აკეთებთ…
– გუნდიშვილი დღეს მადლობას უნდა მეუბნებოდეს იმისთვის, რომ ცოცხალია. სამართალი ზემოდანაა… მე არ ვმალავ, რომ ადმინისტრაციისგან მხარდაჭერა მქონდა. ნებისმიერ დროს გავდიოდი და რაც მინდოდა, მაძლევდნენ.
– კოჭოიასგან თუ მიიღებდით აღიარებით ჩვენებას, მერე გაგიშვებდნენ?
– ალბათ, საქმე ის არის, რომ ამ აღიარების შემდეგ, ისე მოკვდებოდნენ ესენი, ექსპერტიც ვერაფერს დაადასტურებდა. მე კი დიდ კარს გამიღებდნენ და გამომიშვებდნენ. კოჭოიასთან თითქმის 11 თვე ვიყავი და ამ კაცს ტერაქტზე კი არა, „დრუჟბაზე“, ტრაქტორსა და თავის ეზო-კარზე მეტად სხვა არაფერზე ულაპარაკია. რომ მოვატყუებდი ადმინისტრაციას, ამ პროცესზე მისცემს აღიარებით ჩვენებას-მეთქი, ის მიდიოდა და ისევ ძველ ჩვენებას ამბობდა. სხვათა შორის, როდესაც მე იმ საკანში გადამიყვანეს, კოჭოია „რეზბალნიცაზე“ ჰყავდათ. მითხრეს, „მასტერკა“ გაიკეთაო. ეს იცით, რას ნიშნავს? პასტის გულით ნერწყვი შეჰყავთ ფეხში. ორგანიზმი ჩირქდება და ეს ჩირქი გულამდე ადის.
– თავს იკლავდა?
– კი. გადაურჩა ფეხის მოჭრას და დაბრუნდა საკანში. მისგან ვიცი, რომ დაკავებულს მიბჯენით რვა ტყვია ესროლეს ფეხში, შემდეგ კი მოაწყვეს გაქცევის ინსცენირება, თითქოს მაშინ დაჭრეს. პროცესზე კი პროკურორი ჭრილობაზე კალამს ურჭობდა თურმე. ამიტომაც მიუცია აღიარებითი ჩვენება. კოჭოიასთან რომ გადამიყვანეს და ის მაინც რომ არ ცვლიდა ჩვენებას, დირექტორის ოთახში ისევ მომაკითხა ბაჩანა ახალაიამ. მას ამჯერად მეგის ქარდავა ახლდა. პასუხი მომთხოვეს, რატომ არ ცვლის ჩვენებასო. ახლა შეცვლის-მეთქი. ის იყო კოჭოია პროცესზე წაიყვანეს, რომელიც რადიოში მოვისმინე, რომ გადაიდო. შემოვიდნენ და გამიყვანეს. თითქოს ვიღაც ვცემე. ჯერ მაგრად მცემეს. მერე კი შიშველი შემიყვანეს კარცერში. მერე კარცერიდან გამიყვანეს. ოთახში შემიყვანეს. დავით საყვარელიძე იყო მოსული, ვიღაც უცხო ამოსულ მამაკაცებთან ერთად. ამ გველის ამბავია, კოჭოია ჩვენებას რომ არ ცვლისო. მაშინაც მაგრად მცემეს. წაქცეულს კი თვითონ ჩამარტყა სახეში ფეხი. – შე გველო, ჯერ სად ხარ, არ იცი, რა მოგელისო. გადამიყვანეს უცხო საკანში. იქ „ლარიოკი“ დამიკეტეს. მთელი დღე ცალ ფეხზე დგომას მაიძულებდნენ. მარტო მე კი არა, სხვებსაც ასე ექცეოდნენ. ეტყობა, სადამსჯელო საკანი ჰქონდათ. სულზე მომისწრო ხელისუფლების ცვლამ. ციხიდან რომ გამოვედი, გადავწყვიტე, ვინმე ისეთი მენახა, რომელიც მთავარ პროკურორთან მიმიყვანდა. ამიტომ შევარჩიე ირმა ინაშვილი. მისთვისაც კი არ მითქვამს, რა მქონდა კბილაშვილისთვის და წულუკიანისთვის სათქმელი.
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი გეთქვათ?
– რთული იყო ამ ინფორმაციების ტარება. სხვათა შორის, თვის დასაცავად, ციხეშიც კი გავავრცელე ინფორმაცია, თითქოს ყველაფერი დავწერე, ფეხსაცმლის ქუსლში ჩავდე და ისე გავაგზავნე გარეთ. თუ რამე დამემართება, გარეთ მაინც იციან, რასაც მავალებდით-მეთქი. ეს ერთგვარი თავის დაზღვევა იყო ჩემი მხრიდან…
– გოდერძი, შემდეგი ისტორია, ჩვენთვის ცნობილია. ვიცით, როგორ მოხვდით წულუკიანთან და კბილაშვილთან, მერე კი თქვენ უკვე გააკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ გიგი კალანდაძე დაგემუქრათ შვილით და ძმისშვილით და ამიტომაც მიეცით ვიდეოჩვენება ბაჩანა ახალაიას სასარგებლოდ… დღეს ნანობთ, რომ ალაპარაკდით?
– ვნანობ. ვინაიდან ახალი სატკივარი გავუჩინე ოჯახს. ახლაც წინააღმდეგები იყვნენ, თქვენ რომ გაძლევთ ინტერვიუს. მე მშვიდად მინდა ცხოვრება და მინდა ყველაფერი დავივიწყო, რაც გამოვიარე. არ მეძლევა ჩემს ოჯახთან მშვიდად ცხოვრების საშუალება. ამდენი ხანია, გარეთ ვარ და სამუშაოზეც კი არსად მიღებენ. აღარ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე და როგორ უნდა ვარჩინო ოჯახი.
– რატომ მოუხდათ ადრე დაბრუნება?
– ეს უკვე აღარ ვიცი. ალბათ, იმიტომ, რომ კბილაშვილი გადადგა და იგივე გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა მაია მწარიაშვილიც. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.
– თუ იმიტომ, რომ შვეიცარიაში მიიღეს უარი, ან ის გუნდი სხვანაირად ფიქრობდა?
– არა. სიმართლე გითხრათ, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ეს საკადრო ცვლილების გამო მოხდა.
– გინდათ თქვათ, რომ „რუსთავი 2“-მა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოტანილი თქვენი მოსაზრება გამოიყენა ოფიციალურ განცხადებად?
– როგორც ჩანს, ასეა და სანამ არ ვუჩივლებ, მგონი, არ მომეშვებიან.

ჯოლოხავა არის პირი, რომელიც ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა თავის დროზე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და ყოფილ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს შეახვედრა. გოდერძი ჯოლოხავა ყვებოდა იმის შესახებ, როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს ციხეში, როგორ ამუშავებდა ბაჩანა ახალაია პატიმრებზე და რას ხლართავდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში საერთო პოლიტიკური ამინდის შესაქმნელად. მოგვიანებით გავრცელდა გოდერძი ჯოლოხავას სრულიად საპირისპირო ვიდეოჩვენება, რომელიც სათავისოდ გამოიყენა ბაჩანა ახალაიას დაცვამ. ბოლოს კი ეს მოწმე ისევ გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა განახორციელა ახალაიას ადვოკატმა და გენერალმა გიგი კალანდაძემ. ის უკრაინაში გაამგზავრეს და აიძულებდნენ, იუსტიციის მინისტრისა და ირმა ინაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები