“პატრიარქის სახელით გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი სრულიად შეცვლილია”
მისი უწმინდესობის სახელით “როსსიისკაია გაზეტაში” გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი სრულიად შეცვლილია და ჟურნალისტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქომ მომხდარის გამო “როსსიისკაია გაზეტას” რედაქტორს წერილი გაუგზავნა და ჟურნალისტის ქმედებაზე სათანადო რეაგირება სთხოვა.
“22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ბატონმა გივი სიხარულიძემ დასალოცად მოიყვანა ჟურნალისტი რუსეთიდან (ციმბირიდან) ალექსანდრე იაროშენკო, რომელმაც მოულოდნელად ხმის ჩამწერი მოიმარჯვა და მის უწმინდესობას კითხვით მიმართა. საუბარმა დაახლოებით სამ-ოთხ წუთს გასტანა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მდგომარეობა მიუღებელია, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებში, ხოლო ვიდრე ეს არ განხორციელდება, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა ვერ აღდგება. მისი უწმინდესობის სახელით “როსსიისკაია გაზეტაში” გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი კი სრულიად შეცვლილია და ჟურნალისტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. რეალობასთან ახლოს შეიძლება ითქვას, მხოლოდ ბოლო აბზაცია (“Одни православные… и благополучия“). საქართველოს საპატრიარქომ მომხდარის გამო წერილი გაუგზავნა აღნიშნული გაზეთის რედაქტორს და სთხოვა სათანადო რეაგირება ჟურნალისტის ქმედებაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.