9 მაისის ზავი – ზელენსკი პუტინის ინიციატივას გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წარდგენილი წინადადების დეტალების დაზუსტება მოითხოვა და  მას სანაცვლოდ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა.

„ჩვენს წარმომადგენლებს დავავალე, დაუკავშირდნენ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდს და დააზუსტონ რუსეთის მიერ შეთავაზებული ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის დეტალები“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ამ ომის დასასრულებლად საჭირო დიპლომატიურ სამუშაოებს ახორციელებს.

“ჩვენ გავარკვევთ, რა დევს სასწორზე: მოსკოვში აღლუმის რამდენიმე საათიანი უსაფრთხოება თუ რამე სხვა. ჩვენი წინადადებაა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც უზრუნველყოფს ხალხის საიმედო უსაფრთხოებას და ხანგრძლივ მშვიდობას. უკრაინა მზადაა, ამ მიმართულებით იმუშაოს ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მან 9 მაისს „ზავის“ გამოცხადების მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები