ლოტბარსა და საქართველოს სახალხო არტისტს – რამინ მიქაბერიძეს 82 წელი შეუსრულდა

82 წელი შეუსრულდა ქართველ ლოტბარსა და საქართველოს სახალხო არტისტს, რამინ მიქაბერიძეს.
ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამინ მიქაბერიძის პედაგოგიური და სალოტბარო მოღვაწეობა.
„ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა ანსამბლ „მართვეს“.
ბათუმში მან ჩამოაყალიბა ბავშვთა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი, სადაც მრავალი თაობა ეზიარა ქართულ სიმღერას. თბილისში შვილთან, მაია მიქაბერიძესთან, ერთად შექმნა ბავშვთა ფოლკლორული გუნდი – საგალობელი.
იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების რესპუბლიკურ კულტურის სახლთან არსებულ სახალხო მომღერალთა გუნდს.
ჯერ ანზორ კავსაძის გუნდთან, ხოლო შემდეგ ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლ რუსთავთან ერთად რამინ მიქაბერიძემ წარმატებით მოიარა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, სადაც პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში ოვაციებით აჯილდოებდნენ მის საშემსრულებლო ხელოვნებას.
დაჯილდოებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის სახელობის პრემიით – „სიკეთის ხე“.
რამინ მიქაბერიძის სახელი შესულია როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახელით ვულოცავთ ბატონ რამინს იუბილეს, გამოვხატავთ მადლიერებას და ვუსურვებთ მხნეობას“, – წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები