დავით მათიკაშვილი: უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად
“უკრაინის მიერ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მორალური სტანდარტიდან ამოვარდნილია, წლების განმავლობაში ქართველმა ხალხმა პირადად ზურაბ ადეიშვილისგან განიცადა უამრავი ტანჯვა, მიიღო ზღვა ცინიზმი და ცინიკური დანაშაულები”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად ყველაფერს აკეთებს.
„ამ ადამიანს ცინიკურად და ყოველგვარი პატივისცემის გამოხატვის გარეშე, ჯერ ბრიუსელის თუ ევროპის სხვა დედაქალაქების ადმინისტრაციულ შენობებში დაატარებდნენ და ახლა უკრაინის კონკრეტული თანამდებობის პირი გახდა. ცინიკურ-სასაცილო არ არის?- არ შეიძლება, ცხრაგვარი სტანდარტი არსებობდეს და 16 სიმართლე იყოს. არსებობს ერთი სიმართლე და ეს ყველამ იცის, ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია იმით, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში, მაგრამ თვალებზე ხელებს იფარებენ – უკრაინის ხელისუფლებას ამ ყველაფრის დანახვა არ უნდა. რატომ? – იმიტომ, რომ ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ზელენსკი აწარმოებს. სააკაშვილი გუბერნატორად ჰყავდათ დანიშნული, დღეს კი, დამნაშავე, მწამებელი და სადისტურ დანაშაულებში მხილებული პირი ინტერპოლის შეფად არის დანიშნული. უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია. დააკვირდით, რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს ხელისუფლება – უკრაინელ ლტოლვილებს დახმარებები და ბენეფიტები უგრძელდებათ მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის მხრიდან და მისი ხელისუფლების მხრიდან იმ ურთიერთობებზე გაუგონარი თავდასხმა ხდება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.