ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა პრაქტიკულად არ ხორციელდება, ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ისრაელის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადებიდან ექვსი საათის შემდეგაც კი,- ამის შესახებ CNN-ი წერს, რომელიც საჯარო საზღვაო მონაცემებსა და ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობა.
მედიის ცნობით, გემთმფლობელებსა და სადაზღვევო კომპანიებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყლის გზაზე მიმოსვლის განახლებამდე დადებითი სიგნალები სჭირდებათ.
„ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი პირველი ნაბიჯია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კომერციული გადაზიდვები დაუყოვნებლივ დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს სრუტის გავლით საერთაშორისო მარშრუტებზე“, – განუცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილმა ოფიცერმა და საზღვაო ექსპერტმა ჩარლი ბრაუნმა ამერიკულ ტელეარხს.
მისი თქმით, „გემთმფლობელები კვლავ ელოდებიან ოფიციალურ რეკომენდაციებს საზღვაო უსაფრთხოების სამსახურებისგან, დროშის სახელმწიფოებისგან (ქვეყნები, სადაც გემები რეგისტრირებულია) და, რაც მთავარია, საზღვაო რისკების დამზღვევებისგან, სანამ გემებს სრუტეში დააბრუნებენ“.
ბრაუნმა აღნიშნა, რომ პირველი გემების წარმატებული ტრანზიტი ჰორმუზის სრუტეში სხვებისთვის „ნამდვილი სიგნალი“ იქნება და სხვებიც მოჰყვებიან.
Associated Press-ის ცნობით, აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოიცავს პუნქტს, რომელიც ირანსა და ომანს საშუალებას აძლევს, დააწესონ სატრანზიტო გადასახადი ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებზე.
7 აპრილს, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ პაკისტანთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირით შეაჩერებდა „ირანზე დაბომბვასა და თავდასხმებს“, იმ პირობით, რომ გემებს იმავე პერიოდის განმავლობაში სრუტეში შეუფერხებლად გავლის უფლება მიეცემათ.