ავღანეთი და პაკისტანი კონფლიქტის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ
ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში, ერთკვირიანი არაფორმალური კონსულტაციების შემდეგ, ჩინეთის შუამავლობით, ავღანეთმა და პაკისტანმა უთანხმოებების სწრაფად მოგვარების აუცილებლობაზე კონსენსუსს მიაღწიეს და პირობა დადეს, რომ თავს შეიკავებდნენ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევდა.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაო ნინგმა განაცხადა.
„1-დან 7 აპრილამდე ჩინეთის, ავღანეთისა და პაკისტანის წარმომადგენლებმა ურუმჩიში არაფორმალური შეხვედრების სერია გამართეს. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება დიალოგისა და კონსულტაციების გზით უთანხმოების მოგვარების მიმართ და პირობა დადეს, რომ არ მიიღებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს“, – განაცხადა დიპლომატმა.
მან განმარტა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს უწყებათაშორისმა დელეგაციებმა, მათ შორის დიპლომატიური უწყებების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენლებმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „ურუმჩის პროცესის“ მონაწილეებმა დიალოგი დაგროვილი პრობლემების მოგვარების ერთადერთ რეალისტურ გზად აღიარეს.
შეგახსენებთ, 26 თებერვლის საღამოს, პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ქაბულმა განაცხადა, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე პაკისტანის მიერ ბოლო დროს განხორციელებული საჰაერო დარტყმების საპასუხოდ სამხედრო ოპერაციას ატარებდა. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ავღანეთში თალიბანის მთავრობა ამჟამად ღია შეიარაღებულ კონფლიქტში იმყოფებიან.