ხულოს მერია: მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს – პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს და პროგრამით ისარგებლებს 10 ოჯახი. თითოეულ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია 20 000 ლარის ოდენობის დაფინანსება.
პროგრამა მნიშვნელოვანია სოციალური მხარდაჭერის კუთხით და მიზნად ისახავს იმ ოჯახების დახმარებას, რომლებიც ავარიული საცხოვრებელი პირობების გამო განსაკუთრებულად საჭიროებენ სახელმწიფოს მხარდაჭერას. მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სოციალური ინიციატივების განხორციელებას მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.