კამპანიის – „დაზოგე წყალი“ ფარგლებში კასპისა და ქარელის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კასპისა და ქარელის საჯარო სკოლებში კამპანია – „დაზოგე წყალი“ გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მართავს.
შეხვედრას, ამჯერად, ქალაქ ქარელის №1 საჯარო სკოლისა და ქალაქ კასპის №1 საჯარო სკოლის V, VI და VII კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეო რგოლები და პრეზენტაცია წყალმომარაგების კომპანიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებული პროექტების გარემოს დაცვის კონსულტანტმა, რუსუდან ელიზბარაშვილმა გამართა.
რა გზას გადის წყალი მოპოვებიდან ჩვენს ონკანამდე, როგორი უნდა იყოს სუფთა წყალი, რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას წყლის რესურსთან მიმართებაში, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს – ეს იყო საკითხები, რომლებმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სპეციალურად ღონისძიებისთვის, კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის თემატიკაზე ნახატების გამოფენა მოაწყვეს და პრეზენტაციები მოამზადეს. მოზარდების მხრიდან არაერთი საინტერესო კითხვა დაისვა, რაზეც შეხვედრის სპიკერისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
რეგიონების საჯარო სკოლებში წყალმომარაგების კომპანია შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს. კამპანიის „დაზოგე წყალი“ მიზანია წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.