“საქართველო, უპირველეს ყოვლისა – ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი; ყველას გისურვებთ სამშობლოს ერთგულებით, ერთობითა და სიყვარულით საქმიანობას” – პაპუაშვილი

“მუდმივი კრიზისი, მუდმივი წნეხი და მუდმივად არეულობის მცდელობა ერთ მიზანს ემსახურება: განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე, საქართველომ დაკარგოს პოლიტიკური მანევრის სივრცე, ვერ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის სტრატეგიულ მიზანზე კონცენტრირება და აღმოჩნდეს კაბალურ დამოკიდებულებაში”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცივილიზაციური ტრაგედიაა, რომ სწორედ ამ მიმართულებით იკითხება დღევანდელი ბრიუსელის პოლიტიკაც საქართველოს მიმართ.

“შეუძლებელია, ევროკავშირი გადარჩეს ასეთი პოლიტიკით. ევროკავშირი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპა, რომლის თანაშემოქმედიც ჩვენ ვართ, სრულიად სხვა ფასეულობებსა და ფესვებზე დგას. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ვიცით ისტორია – საიდან დაიწყო, რა გაიარა და სად მოვიდა. ამიტომ ჩვენ არ ვდგავართ ცალ ფეხზე, როგორც ეს ზოგიერთს სურდა, სხვის სახლში შეშვების ყელგამოწეული მსურველივით, არამედ ვდგავართ, როგორც საკუთარ სახლში მცხოვრები, ავის და კარგის გამრჩევი, ღირებულებებსა და რწმენაში მტკიცე ერი.

ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ქრისტიანული რწმენა საუკუნეების განმავლობაში მარტოებმა, მტრულ გარემოში, ქრისტიანულ სამყაროს მოწყვეტილებმა გამოვატარეთ და დღემდე მოვედით. ვერავითარი არჩევანი საკუთარი იდენტობის, მრწამსის და თვითმყოფადობის დათმობის ხარჯზე ჩვენ ვერ გვექნება.

ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი მიწა, ჩვენი წინაპრების ნაფეხურები და ჩვენი შვილების მომავალი.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. ეს იქნება განსაკუთრებული წელი, როდესაც შეგვეძლება, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თუ ვინ ვართ დღეს, რანი ვიყავით გუშინ და რანი ვიქნებით ხვალ. ეს არის მადლიერების წელი ღვთის მიმართ, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და მომავლის გააზრების წელი, თუ როგორ უნდა გავიაროთ ის ახალი ჟამი, რომელიც სწორედ ახლა, ჩვენს თვალწინ იბადება.

ამ საიუბილეო წელს ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის დღეს მთელი საქართველო ლოცულობს.

ძველი წესრიგი – ცივი ომის თუ პოსტ-ცივი ომის დროინდელი – დასრულებულია, ახალი წესრიგის დაბადება კი ყოველთვის ტკივილით ხდება. ასე ყოფილა ადრეც და ასე იქნება ახლაც.

უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როდესაც იმედი გვქონდა, რომ გაერთიანებული დასავლეთი უკრაინის დაცვას თუ ვერა, ომის შეჩერებას მაინც შეძლებდა, ვიხილეთ დაშლილი და ფრაგმენტირებული დასავლეთი და ახალი ომი ჩვენს საზღვრებთან კიდევ უფრო ახლოს, ჩვენს მეზობლებთან კიდევ უფრო მჭიდროდ. ისტორიულად ომი ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკის გაგრძელება. ხანმოკლე ილუზია, რომ ისტორია დასრულდა და სამყაროს მხოლოდ მშვიდობა მართავს, გაქარწყლდა.

თუმცა, საქართველომ მოახერხა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეძლო გამოემუშავებინა საქართველოს სუვერენულ ეროვნულ ინტერესებსა და მშვიდობის კონცეფციაზე აგებული უსაფრთხოების დოქტრინა, რომელსაც ერთგულად და თანმიმდევრულად იცავს.

ამიტომ გვსურს დავარწმუნოთ ჩვენი ამომრჩეველი და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე, იყო, არის და იქნება ქვეყნის დაცულობის და უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია, რომლის პირდაპირი მანდატიც გვაქვს ქართველი ხალხისგან. ამ მტკიცე ჯაჭვს ვერავითარი გარე ძალა, უცხოური ინტერესები და მეხუთე კოლონა ვერ გაწყვეტს.

ამ რთულ დროში კი ჩვენი გზამკვლევი და მომავლის ჩირაღდანი ისევ ის საუნჯეა, რაც დაგვიტოვეს წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.

საქართველო უპირველეს ყოვლისა – ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელიც და ჩვენი მთავარი იდეოლოგიაც.

ყველას გისურვებთ სამშობლოს ერთგულებით, ერთობითა და სიყვარულით საქმიანობას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები