“მთავარი მიღწევა, რომლითაც მიმდინარე მოწვევის პარლამენტს უკვე შეუძლია, რომ იამაყოს, არის იმ კანონების მიღება, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ დემოკრატიის გაძლიერებისთვის” – პაპუაშვილი

“მთავარი მიღწევა, რომლითაც მიმდინარე მოწვევის პარლამენტს უკვე შეუძლია, რომ იამაყოს, არის იმ კანონების მიღება, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ დემოკრატიის გაძლიერების და ინსტიტუციური მოწყობის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ხალხის პირდაპირი მანდატი საკანონმდებლო მუშაობაზე.

„დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის არსს. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინსტიტუციურ ცვლილებებს, სადაც წარსულში ასევე გვქონდა კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების გამოშიგვნის და ფრაგმენტაციის თავსმოხვეული ტენდენცია. დღეს ეს პრაქტიკა იცვლება. სხვა ცვლილებებთან ერთად, გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი ფუნქციები საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინტეგრირდა.

სულ რაღაც რვა თვის წინ ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელმაც უკვე არსობრივად შეცვალა პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობა და შინაარსი. განსაკუთრებით უნდა გამოვყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება. მაგალითისთვის, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ინტერპელაცია, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია უკვე არა გამონაკლისი, არამედ ლამის საპარლამენტო ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა.

რეგლამენტის ცვლილებების ფარგლებში, ასევე, უარი ეთქვა არასისტემურ და ხელოვნურ ინსტრუმენტებზე, რომლებითაც მანამდე ხორციელდებოდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. კერძოდ, საბჭოებისა და თემატური მოკვლევების ნაცვლად, რეგულაციების დახვეწის შედეგად, პირველად ამუშავდა დროებითი კომისიის კონსტიტუციური ინსტრუმენტი. ამჟამად პარლამენტში შექმნილია ორი ამგვარი კომისია – ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია და ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია. ორივე ამ კომისიის მუშაობის ინტენსიურობას საზოგადოება თავად ადევნებს თვალს.

თუმცა, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, კვლავ იყო პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში. ვიწრო თუ ფართო რეგიონში არსებული ომებისა და კონფლიქტების ფონზე, მისი ეს როლი სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები