გოგა ხაინდრავა – სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებულებზე: ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან

ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ იმ განცხადებების ავტორებზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც საქართველოში ირანული განწყობების ზრდას ეხება.

„დღეს ყველას კარგად ესმის, რომ ის ძალები ვისაც შიდა ძალებს ეძახიან, არანაირი შიდა ძალები არ არიან. მაგაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც იძახის, რომ საქართველოში არის ტერორისტების ცენტრები, დღეს იძახის ამას. რატომ დღეს და არა ერთი თვის წინ, 6 თვის წინ, ერთი წლის წინ? გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვინმე კაპანაძე, რომელსაც ჩემი აზრით, უნდა ჩამოერთვას გენერლის წოდება, იმიტომ რომ ის არცხვენს საქართველოს სამხედრო ოფიცრის მუნდირს, აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი არის საქართველო და ჩემი ნება რომ იყოს აქ დავარტყამდიო, მტრებს ეუბნება. როგორ უნდა გქონდეს სული გაყიდული, რომ ასეთი რამე [თქვა]. თარგამაძე, რომელიც იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც სულის ამოხდით გვემუქრებოდა იმ დღეს როცა სული უკვე ამოგვხადეს, 7 ნოემბერს. ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან. როგორ უნდა გქონდეს დაბნელებული გონება, რომ შენს სამშობლოს მსგავსი ტიპის საფრთხე შეუქმნა“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები