შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც გარედან ცდილობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი განცხადება შეაფასა.

„სულ რაღაც ორი წინადადება დასჭირდა ამას და მე მინდა ვკითხო ევროკავშირის ელჩს – რთულია? რთულია ამ მარტივი ჭეშმარიტების თქმა, რომ პრეზიდენტის სასახლის შტურმი არ შეიძლება? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის, ეს მარტივი, რამდენიმე სიტყვიანი წინადადება თქვას? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის და მის ხელმძღვანელობას ბრიუსელში, რომ მეორე მარტივი წინადადება თქვან, რომ პარლამენტის მანდატების დახევა და პარლამენტიდან გასვლა არ არის დემოკრატია? რატომ უჭირთ? იცით რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში არაფერი უჭირთ. ამას აკეთებენ განზრახ, იმისთვის, რომ მათ მიერ რადიკალიზმისთვის მიცემული ლეგიტიმაცია არ გამოაცალონ, იმიტომ რომ დღეს რადიკალიზმი არის სრულად ლეგიტიმირებული გარედან. დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ძალადობრივი სცენარების განხორციელებას, ხელისუფლების შეცვლას გარედან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, ბოიკოტი არ შეიძლება იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა – ეს არის ის გზავნილები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ განცხადებაში წერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები