პაპუაშვილი – ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე: შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი
“შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატების შესახებ საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილმა გუშინდელი დებატები მოსკოვში 1989 წელს, 9 აპრილის მოვლენების შემდეგ გამართულ ყრილობას შეადარა.
„ინტონაციითაც და ტონალობითაც, ვისაც ახსოვს, ალბათ გაახსენდებოდა, 1989 წელს, მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკიდან წარმოდგენილი დეპუტატები. აი, ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ, მათ შორის, გვარებსაც რომ ვუყურებთ – საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის, ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც ამავე დროს ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. შეგახსენებთ, ის იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის „ინფექცია“, „ხალხის ბრალია. ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ტერმინოლოგია, რომელსაც ის იყენებს ქართველების მიმართ. ასევე შეგახსენებთ, რომ ქალბატონი იუკნევიჩიანე 4 ოქტომბერს ძალადობრივ დამხობას აგულიანებდა და მხარს უჭერდა. ასევე იყვნენ სხვა მოძმე ბალტიის ქვეყნებიდან წარმომადგენილი დეპუტატები.
ეს არის, რაც მივიღეთ – ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი და ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს და და მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაშიც უკან. ჯერჯერობით, ეს არის დაახლოებით 1989 წლის პერიოდი, როდესაც გორბაჩოვის „პერესტროიკა“ იყო, ჯერ პერესტროიკის დონეზე არიან, მაგრამ ვატყობთ, ტენდენცია იქეთ არის, რომ სულ უკან-უკან წავლენ, ბრეჟნევისკენ, სავარაუდოდ. ასე რომ, ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, ევროპარლამენტი დღეს თავისი ესთეტიკით, შინაარსით, ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთან ყრილობასთან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.