დავით სონღულაშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

„საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე.

დავით სონღულაშვილმა ალან პერსელს მადლობა გადაუხადა ამერიკასა და საქართველოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის როგორც აგრარული, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

შეხვედრაზე განიხილეს სატყეო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები, ასევე, ეროვნული პარკების მართვისა და განვითარების საკითხები.

მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. ხაზგასმით აღინიშნა სამომავლო პარტნიორობის ფარგლებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები – ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები