ქადაგიშვილი – სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე: როგორც კი გამოძიებასთან კონკრეტული ფაქტების მოყვანა მოუწიათ, მაშინვე ნათელი გახდა, რომ საქართველოში ტერორისტებს არ ამზადებენ
“ტყუილი ილაპარაკეს და დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ტერორისტული ჯგუფები მზადდება, მაგრამ გამოძიების წინაშე ფაქტების წარდგენა როცა მოუწიათ, იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
„ასეთი განცხადებების მიზანია, რომ ყოველ ჯერზე, როგორც კი, მსოფლიოში რაიმე ცუდი ხდება, საქართველო ამ ცუდის ეპიცენტრში მოახვედრონ. ახლა ირანის გარშემო მიმდინარეობს ომი და ეს ადამიანები საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო მასშტაბებით ყველაზე ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების პიონერები გახდნენ. მიზანია ქვეყნის შიგნით მოსახლეობის ფსიქიკური დაზაფვრა. როგორც კი გამოძიებასთან კონკრეტული ფაქტების მოყვანა მოუწიათ, მაშინვე ნათელი გახდა ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. ყოველწლიურ შეფასებას თუ გავიხსენებთ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისას, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით არის ხოლმე, დავინახავთ, რომ საქართველო მოხსენიებულია ქვეყნად, რომელიც ერთ-ერთი ეფექტურია საერთაშორისო ტერორიზმის თუ სხვა საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მტკიცებულება იგივე ქიმიური იარაღის და „კამიტის“ ტოლფასი განცხადებაა. საქართველოს დაზიანებას ასეთი გზებით ცდილობენ. ტყუილი ილაპარაკეს და დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ტერორისტული ჯგუფები მზადდება, მაგრამ გამოძიების წინაშე ფაქტების წარდგენა როცა მოუწიათ, იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ და ეთქვათ, რომ ასეთი რამ არ უთქვამთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ.
საქმის ფარგლებში, გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.