დავით ქართველიშვილი: დამოუკიდებელი პოლიტიკის დათმობა, კულტურული და ცივილიზაციური იდენტობის დაკარგვა, ქრისტიანული ფესვებისთვის ზურგის შექცევა, – სუიციდის მცდელობაა და არა მოდერნიზაცია

პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს და მიმოიხილავს „საერთაშორისო სამართლის დემონტაჟს” უკრაინაში ომის, ვენესუელაში ამერიკაში სამხედრო ოპერაციისა და ირანზე შეტევის ფონზე. ანალიტიკოსი წერს, რომ ახალ რეალობაში მოკავშირეებს ყველაფერი ეპატიებათ, ხოლო ოპონენტები „აგრესორის” იარლიყს იღებენ. ქართველიშვილის აზრით, მცირე და საშუალო სახელმწიფოებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება და საქართველოს შემთხვევაში, ანალიტიკოსი ეხება ევროკავშირთან ურთიერთობას:

„წლების განმავლობაში ქვეყანა ასრულებს ვალდებულებებს “ასოცირების შეთანხმების ფარგლებში” ევროკავშირთან, მაგრამ, თუ თამაშის წესები ცალმხრივად იცვლება, თუ კრიტერიუმები პოლიტიკურად და შერჩევითად გამოიყენება, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რამდენად სიმეტრიულია ეს ვალდებულებები?” – წერს დავით ქართველიშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ შექმნილ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში, ტრადიციების, ღირებულებების, ქრისტიანობისა და საზოგადოების ერთიანობის დაცვა არა ლოზუნგი, არამედ პრაგმატული სტრატეგიის ნაწილია.

„საერთაშორისო სამართალი” დღეს კრიზისს კი არა, დემონტაჟის ფაზას გადის: როდესაც გაეროს რეზოლუციებს ძლიერები აიგნორებენ, როდესაც სამხედრო ოპერაციები „გამონაკლისი გარემოებებით” მართლდება, ხოლო სანქციები შერჩევითად გამოიყენება, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის არქიტექტურა დეკორაციად იქცევა. თუ ერთ სახელმწიფოს შეუძლია დაარღვიოს ის, რაც სხვებისთვის აკრძალულია, და ამავდროულად დარჩეს „მორალური არბიტრის” პოზიციაში, მაშინ საერთაშორისო სამართალი უნივერსალური ნორმა აღარ არის, ის ხდება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. ამ რეალობაში მთავარი აღარ არის, რა არის აკრძალული, მთავარი ხდება, ვის შეუძლია ამ აკრძალულის გადალახვა.

ბოლო პერიოდის მოვლენებმა, უკრაინაში რუსეთის ომმა, ამერიკის ზეწოლამ ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში ძალის დემონსტრაციამ, გაამძაფრა ორმაგი სტანდარტების განცდა. ფორმულა მარტივია: მოკავშირეებს – ლმობიერება, ოპონენტებს – „აგრესორის” იარლიყი. ასეთი მიდგომა ანგრევს ნდობას გლობალური მმართველობის ინსტიტუტების მიმართ უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი სამხედრო ესკალაცია. როდესაც ნორმები არათანაბრად გამოიყენება, ისინი ნორმები აღარ არის, ისინი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტებია.

ასეთ ვითარებაში მცირე და საშუალო სახელმწიფოები დგანან რთული არჩევანის წინაშე: ან მოერგონ ამ ძალის წესებს, ან გახდნენ ამ წესების მსხვერპლი. საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია. წლების განმავლობაში ქვეყანა ასრულებს ვალდებულებებს “ასოცირების შეთანხმების ფარგლებში” ევროკავშირთან, ახორციელებს რეფორმებს, გადის ადაპტაციას კანონმდებლობის თვალსაზრისითაც, იღებს სოციალურ და პოლიტიკურ ხარჯებს. მაგრამ, თუ თამაშის წესები ცალმხრივად იცვლება, თუ კრიტერიუმები პოლიტიკურად და შერჩევითად გამოიყენება, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რამდენად სიმეტრიულია ეს ვალდებულებები?

საერთაშორისო პოლიტიკაში პატივისცემა ვალუტაა. და როდესაც ის ორმხრივი არ არის, ინტეგრაციული პროცესები სტრატეგიულ მდგრადობას კარგავს. მსოფლიოში, სადაც უნივერსალური ნორმები ირღვევა, პირველ პლანზე ისევ სუვერენიტეტი გამოდის. მცირე სახელმწიფოებისთვის ეს თეორიული კატეგორია კი არა, გადარჩენის საკითხია. დამოუკიდებელი პოლიტიკის დათმობა, კულტურული და ცივილიზაციური იდენტობის დაკარგვა, ქრისტიანული ფესვებისთვის ზურგის შექცევა, საკუთარი ისტორიული წარსულის უარყოფა – ეს ყველაფერი არა მოდერნიზაცია, არამედ სუიციდის მცდელობაა.

ტრადიციების, საზოგადოებრივი ერთიანობის, უსაფრთხოების ინსტიტუტების დაცვა ხდება არა იდეოლოგიური ლოზუნგი, არამედ პრაგმატული სტრატეგია. სუვერენიტეტი იზოლაცია არ არის, ესაა დიალოგის უნარი ღირსების პოზიციიდან.

ისტორია გვასწავლის: ზესახელმწიფოები მოდიან და მიდიან, საერთაშორისო კონსტრუქციები იცვლება ან ინგრევა, მაგრამ სახელმწიფოები, რომლებიც ინარჩუნებენ შინაგან ბირთვს, ერთგულებას საკუთარი ფასეულობებისადმი, საზოგადოებრივ სოლიდარობას და ინსტიტუციურ მდგრადობას, გადაურჩებიან საერთაშორისო ტურბულენტობას. ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო სამართალი ძალის გამოცდას გადის, საქართველოსთვის მთავარი კითხვა ის კი არ უნდა იყოს: „რა არის ნებადართული ძლიერებისთვის”, არამედ – „რა არის დაუშვებელი ჩვენთვის”. და სწორედ ეს შინაგანი ზღვარი, სუვერენიტეტის დათმობის, უფლისადმი ღალატის, საკუთარი საფუძვლების უარყოფის, ხდება ბოლო თავდაცვითი ხაზი იმ სამყაროში, სადაც ძველი გარანტიები ავტომატურად უკვე აღარ მუშაობს” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები