გიორგი სვანიძე: ბოლნისის გუნდი ძლიერი პარტნიორების გვერდით მომავალშიც წარმატებებს მიაღწევს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან ზამურ ჭითანავასთან ერთად საფეხბურთო კლუბ „ სიონის“ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში კლუბმა საზოგადოებას გუნდის ახალწვეულები წარუდგინა და კომპანია RMG-სთან გენერალური სპონსორობის ხელშეკრულება გააფორმა.
მიმდინარე წელს ბოლნისის „სიონი“ დაარსებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა.
„ვულოცავ ბოლნისის „სიონს“ 90 წლის იუბილეს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც კლუბისთვის, ისე მთელი მუნიციპალიტეტის სპორტული და ახალგაზრდული განვითარების მიმართულებით. მიხარია, რომ ღონისძიებაზე გუნდის ახალწვეულები წარადგინეს, რაც გუნდს ახალ ენერგიასა და პერსპექტივას მატებს. მადლობა კომპანია RMG-ს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ბოლნისის გუნდი ძლიერი პარტნიორების გვერდით მომავალშიც წარმატებებს მიაღწევს”,- განაცხადა სვანიძემ.
ბოლნისის „სიონი“ საიუბილეო წელს ახალი ენერგიითა და ძლიერი პარტნიორების მხარდაჭერით ხვდება და აქტიურად ემზადება მომავალი სეზონებისთვის.