“გული მინდა, დავწყვიტო ქალბატონ ლორას – ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა” – მათიკაშვილი

“გული მინდა, დავწყვიტო ქალბატონ ლორას – ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: “არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია, გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა“.

„ნახეთ, ხომ, ქალბატონი ლორა თორნტონი როგორ წუხდა იმაზე, რომ ვეღარ აფათურებენ ხელებს საქართველოს შიდა საქმეებში. ეს იყო სამარცხვინო ე.წ. ბრიფინგი, სადაც ვერ დამალეს ჩვენი ქვეყნისადმი სიძულვილი. გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. თუკი ასეთი მოხდება, სახელმწიფო ადეკვატური იქნება და ძალიან სამართლიან, მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ქართველი ხალხის ნება-სურვილზე ზემოქმედებას მოინდომებს იმ შავი ფულით, რომლის შემოდინების პრევენციაც ჩვენ მოვახდინეთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები