გლდანის მესამე მიკრორაიონში კიდევ ერთი სკვერი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობამ III მიკრორაიონის N3 ბ კორპუსის მიმდებარედ რეკრეციული სივრცის მოწყობა დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სამუშაოები, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
„ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო შემოღობვების დემონტაჟიც განხორციელდა.
„ამ ტერიტორიაზე არსებობდა უკანონო შემოღობვები, რომლის დემონტაჟიც მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. უნდა ვიაქტიუროთ, რომ მსგავსი სივრცეები გამოთავისუფლდეს და მოეწყოს სკვერები, პარკები, სტადიონები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება.