გოგა ხაინდრავა: “შაბათის ფორმულაში” გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება
21 დეკემბერს, “შაბათის ფორმულაში” გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება. ის, რასაც წერს ბატონი ტრამპი [BBC-ზე საჩივარში], არის საბავშვო ბაღი იმასთან რაც იკადრა სიცრუის “ფორმულამ”. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ამ გადაცემიდან, – ამის შესახებ, კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ხაინდრავამ ჩამოთვალა სამი სიცრუე, რომელიც მისი თქმით, გადაცემაში გავრცელდა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიამ, მის წინააღმდეგ ცილისწამება მიზანმიმართულად გაავრცელა.
“პირველი იყო გაცხადებული იმის შესახებ, რომ მე, როგორც ქართული ოცნების პროპაგანდისტმა, საჩუქრად მივიღე “ქართული ოცნებისგან” მიწის ნაკვეთები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში. რეალური სურათი არის შემდეგი: როდესაც ჩვენ, ჩვენმა კომპანიამ ეს ნაკვეთები შევიძინეთ, მაშინ, ის ადამიანი, ის ჟურნალისტი, რომელმაც ეს სიუჟეტი გააკეთა, დაბადებული არ იყო. ეს მოხდა 35 წლის წინ, 90-იან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბებული და საფასური გადავიხადეთ მანეთებში. აქ იყო საუბარი, თითქოს, ეს ყველაფერი გადმომცა “ოცნების” ხელისუფლებამ, მაშინ არც “ოცნება” არსებობდა, არც “ნაციონალური მოძრაობა”, საერთოდ, სახელმწიფო არ არსებობდა. ეს არის მიზანგანზრახული ცილისწამება ჩემს წინააღმდეგ. ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო განმარტება გაკეთებული, რომ თითქოს, “ქართული ოცნება” მამდიდრებს მე.
მეორე, აბსოლუტურად ამაზრზენი ცილისწამება ეხება რაც დამონტაჟდა – იყო ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ერთ-ერთ მიტინგზე წინასაარჩევნოდ, სადაც მან განაცხადა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იპოვოს თავის თავში ძალა და ბოდიში მოიხადოს იმასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. აქ იყო დამატებული სიტყვა “სეპარატისტების წინაშე”, რასაც მიაბეს ჩემი ინტერვიუ “ჯორჯიან თაიმსიდან” სულ სხვა თემაზე, იქიდან იყო მიმონტაჟებული ჩემი გამოსვლა და ამას მიაბეს “საქართველოს მიტაცებულმა კინოცენტრმა” მილიონი ლარი გამომიყო იმისთვის, რომ გადავიღო ფილმი “შენდობა”, რომელიც არის კინო ვერსია ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის, სადაც ის ითხოვს, რომ ბოდიში მოვუხადოთ სეპარატისტებს. მეგონა, ყველაფერს აქვს საზღვარი ამ ქვეყანაში – ცილისწამებასაც, ტყუილსაც, უმეცრებასაც, კრეტინიზმსაც, მაგრამ აქ, არაფრის საზღვარი არ არის. თანაც, ეს სცენარი, წაკითხული ჰქონია და დაამტკიცა ბიძინა ივანიშვილმა. ამ დროს მინდა გითხრათ, რომ კინოცენტრი არანაირ ფულს თვითონ არ ანაწილებს და ყოველ წელიწადს ატარებს კონკურსს. წელსაც იყო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 17-მა რეჟისორმა, არის ორი ჟიური – შემოქმედებითი ჟიური, რომელსაც არანაირი კავშირი კინოცენტრთან არ აქვს, მეორე ტური არის ფინანსური შეფასება, სადაც შედიან დამოუკიდებელი პროდიუსერები და ფინანსისტები, მერე ეს ყველაფერი ერთმანეთთან ლაგდება და ამის შედეგად გამოცხადდა ოთხი გამარჯვებული ფილმი. ბუნებრივია, რომ ეს დაფინანსება არის მხოლოდ ნაწილი იმ მოთხოვნისა, რაც დღეს მსოფლიო კინოში არსებობს. ესე იგი, ეს მიაბეს ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, რომ ფილმი, რომელსაც ჰქვია “შენდობა”, ამ თემაზე ვიღებ, რომ თურმე, სეპარატისტებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში – მინდა გითხრათ, რომ ამ ფილმს, არავითარი კავშირი, არც ცხინვალის რეგიონთან, არც აფხაზეთთან, არც ბოდიშთან არ აქვს. ეს ფილმი არის ერთ-ერთი უძველესი ქართული ტრადიციის შესახებ, რომელიც ეხება შარშან აპრილში, აღდგომა ღამეს სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობას. მკვლელობის შედეგად, მოსისხლეობის ძველი წესია ორ გვარს შორის და შენდობის გამოთხოვის პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი – სხვადასხვა სოფლებიდან, უხუცესები გროვდებიან და ხდება ამ ოჯახების შერიგების მცდელობა. ამის შედეგად, ჩვენ ვნახეთ, დღევანდელ დღეს, სტეფანწმინდის ქუჩაში, 50 კაცი მუხლმოდრეკით დგანან გარდაცვლილის ოჯახთან, იქიდან გამოდიან მამა და ბიძა და ეუბნებიან, რომ შემინდია. ამაზეა ფილმი და ამ გარეწრებმა მიაბეს სეპარატისტებთან ბოდიშის მოხდას.
მესამე ეხებოდა ჩემს ქონებრივ მდგომარეობას, როდესაც გამოაცხადეს, რომ მე, ამ 13 წლის განმავლობაში მილიონობით ღირებულების უძრავი ქონება შევიძინე. შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა იყო მთელი ჩემი ოჯახისადმი, არა მარტო ჩემდამი – იყო ჩემი პირადი ღირსების, ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანი რეპუტაციის შებღალვის მცდელობა, იმიტომ, რომ ვერც ეს სიცრუის ფორმულის ხელმძღვანელი თარგამაძე და ვერც მისი პატრონი, კეზერაშვილი, მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებენ. ისინი საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას, როდესაც კეზერაშვილის ნაყაჩაღარი, სისხლიანი ფულით ცხოვრობენ დღეს.
ეს იყო მიზანმიმართული ცილისწამება. ზუსტად ყველა სიტყვა, რომელიც არის ტრამპის საჩივარში “ცრუ, ცილისმწამებლური, შეცდომაში შემყვანი, ღირსების განზრახ შემლახავი, მაპროვოცირებელი, ბოროტად განზრახული წარმოჩენის გამო” – ეს ყველაფერი იყო განხორციელებული ჩემ მიმართ.” – აღნიშნა ხაინდრავამ.
მისივე განცხადებით, იურისტებთან კონსულტაციის შედეგად, აპირებს, სასამართლოში სარჩელის შეტანას და მოითხოვს “ყველა ტყუილზე თითო მილიონის გადახდას.”