დავით ნარმანიამ განახლებული მაღალი ძაბვის ქვესადგური “ტაბახმელა” დაათვალიერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სს „თელასის“ მაღალი ძაბვის განახლებული ქვესადგური „ტაბახმელა“ დაათვალიერა. ქვესადგურის რეკონსტრუქცია სემეკთან შეთანხმებული 2024-2025 წლების საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ინვესტიციის მოცულობამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ქვესადგური „ტაბახმელა“ ექსპლუატაციაში 1967 წელს შევიდა. მაღალი ძაბვის ქვესადგური ელექტროენერგიით უზრუნველყოფს თბილისის ცენტრალურ და სწრაფად განვითარებად რაიონებს.
რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 80 მეგავატამდე გაიზარდა. ქვესადგური აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით. ღია გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე მაღალი ძაბვის ელეგაზური და ვაკუუმური ელექტროდანადგარები, რელეური დაცვის ავტომატიკის და სიგნალიზაციის უახლესი მიკროპროცესორული ტერმინალები. ასევე ქვესადგური აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით.
ქვესადგური „ტაბახმელა“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ორთაჭალა ჰესი-სოლოლაკი-ტაბახმელა-კიკეთი-კოჯორის“ კვანძის ელექტრომომარაგებაში. ის ასევე ენერგიით მოამარაგებს “კრწანისის” ახალ ქვესადგურს.