რუსეთში, მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 10 წლის ბავშვი დანით თავდასხმის შედეგად მოკლა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, თავდამსხმელმა ასევე დაჭრა დაცვის თანამშრომელი.
ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებთან დაახლოებულმა Telegram-ის რამდენიმე არხმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი სამშაბათს სკოლაში ნეონაცისტური და სხვა რასისტული სლოგანებით ამოტვიფრული ჩაფხუტით მივიდა, მათ შორის „დაამარცხეთ ებრაელები, გადაარჩინეთ რუსეთი“. ასევე, თავდამსხმელს ეცვა მაისური წარწერით „არც ერთ სიცოცხლეს მნიშვნელობა არ აქვს“.
ჩაფხუტზე ასევე იყო დილან რუფის ციტატა, რომელმაც 2015 წელს სამხრეთ კაროლინაში ცხრა აფროამერიკელი ეკლესიაში მოკლა და რასობრივი ომის წაქეზება განიზრახა.
მოზარდმა თავდასხმა ტელეფონით გადაიღო და ინტერნეტში განათავსა. ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება ის მოსწავლეებს და ეკითხება მათ ეროვნებას, როგორ ასხამს დაცვის თანამშრომელს წიწაკის სპრეის და დანით მისდევს მოსწავლეებს.
მოკლულმა ბავშვმა მას უთხრა, რომ ტაჯიკი იყო და მედიის ვარაუდით, სწორედ ამიტომ აირჩია თავდამსხმელმა ის. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შემთხვევა ეთნიკური მოტივით ჩადენილი თავდასხმაა და რუსეთისგან ობიექტური გამოძიება მოითხოვა.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით აღიძრა.