აზერბაიჯანმა სამი ათწლეულის განმავლობაში პირველად მეზობელ სომხეთში საწვავის ტრანსპორტირება დაიწყო და ეს იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიის ორი მეზობელი ქვეყანა მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ნაბიჯებს დგამს, – ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) სომხეთს პირველად აწვდის ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტებს, ბაქოს ტერმინალიდან 22 რკინიგზის ვაგონში ჩატვირთული 1220 ტონა საწვავი გაიგზავნა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მიესალმება ამ მოვლენას.
„ვაჭრობა კერძო კომპანიებს შორის ხორციელდება. თუმცა, რა თქმა უნდა, სწორედ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულმა მშვიდობამ შექმნა ამ ვაჭრობის პოლიტიკური პირობები“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ ბაქომ სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. ფაშინიანმა ეს გადაწყვეტილება „უაღრესად მნიშვნელოვან განცხადებად“ შეაფასა.