თამარ იოსელიანმა ავიაკომპანია Wizz Air – ის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ავიაკომპანია Wizz Air – ის დელეგაციის წევრებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის ტენდენციები, აგრეთვე საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა გააცნო.
“თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3 500 მ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აღინიშნა, რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღებას.
როგორც Wizz Air – ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო ავიაკომპანიისთვის სტრატეგიული მიმართულებაა. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე,Wizz Air – ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო 2026 წლიდან სრულიად ახალი – ბრატისლავას მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ითქვა, რომ ამჟამად ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის 4 თვითმფრინავია ბაზირებული.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთან Wizz Air – ის საქმიანობის შემდგომი განვითარების საკითხები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი,”- წერია ინფორმაციაში.