გენადი არველაძე: ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში შემავალი სახელმწიფოები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორები არიან
საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) დელეგაციებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებისა და ორმხრივი ვაჭრობის ერთობლივი მიმოხილვის მიზნით კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, GCC-ს მხრიდან კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი აბდულრაზა ალჯრაიდი ხელმძღვანელობდნენ. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველო დაინტერესებულია, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან მოლაპარაკების ეტაპზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაწყებასთან დაკავშირებით მალე გადავიდეთ. „GCC – ში შემავალი ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორები არიან და მათთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს. მათ შორის, ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და დივერსიფიცირებას აღნიშნულ ბაზრებზე როგორც პროდუქციის, ასევე სერვისების მიმართულებით,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მხარეებს შორის კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს, რასაც ბოლო ორ კვირაში თბილისსა და რიადში გამართული შეხვედრები ადასტურებს. „აღნიშნული გარემოება გვაძლევს იმედს, რომ GCC – ს საბჭო მოკლე ვადებში შეძლებს შესაბამისი ანგარიშის მომზადებას და ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოსთვის 2026 წლის პირველ კვარტალში წარდგენას, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე შესაძლო მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მომსახურებით ვაჭრობა, ინვესტიციების და შეთანხმების ზოგად და ინსტიტუციურ ნაწილებზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნება შეთანხმების საქონლით ვაჭრობის და მასთან დაკავშირებული საკითხები, მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გაიმართება.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ნიკოლოზ რევაზიშვილი, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.