ტრამპმა ფიცო აშშ‑ში ოფიციალური ვიზიტისთვის მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს აშშ-ში ვიზიტისა და მოლაპარაკებებზე შეხვედრისათვის ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა.
ფიცომ ეს ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის „სუვერენული საგარეო პოლიტიკის“ შედეგად შეაფასა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ში მოწვევისა და მასთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წერილი გადმომცა“, – წერს ფიცო.
პოლიტიკოსების პირველადი კომუნიკაციის მიხედვით, ვიზიტი, სავარაუდოდ, 2026 წლის ივნის–ივლისში შედგება, რაც დაემთხვევა აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლის იუბილეს და მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატს აშშ-ში.
ტრამპის წერილში, რომელსაც ფიცო საკუთარი სოციალური გვერდით ავრცელებს, ხაზგასმულია ორივე ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობა.
ფიცო აღნიშნავს, რომ მოწვევა და აშშ-სთან მოლაპარაკების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია სლოვაკეთის გლობალური თანამშრომლობის გაფართოების კონტექსტში. იგი ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება რეგიონული უსაფრთხოების, ენერგეტიკული და გლობალური გამოწვევების თემები.