ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.

მისიის მიერ აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა, ასევე უმუშევრობის დონის შემცირება, ასევე ხაზი გაესვა ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. მისია მოელის, რომ მომავალ წელს, შეუფერხებლად განხორციელდება ევრობონდების რეფინანსირება.

მისია, ასევე მიესალმება მთავრობის განზრახვას, განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობის კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სსფ-ის წესდების (IV მუხლის დებულებით) გათვალისწინებულ მოლაპარაკებებს, რომელიც 2026 წლის მარტშია დაგეგმილი.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ეროვნული ბანკისა და სსფ-ის მისიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები