საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის, საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული, ყაზახეთის მოქალაქე ბ.ა., სომხეთის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული ჰ.ა.  და გერმანიის მოქალაქე 1978 წელს დაბადებული ო.ქ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

“სამართალდამცველებმა მათი პირადი, ავტომობილების, ასევე დაკავებულების დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათ შორის: სარეალიზაციოდ დაფასოებული ათეულობით შეკვრა „მეთადონი“, “ჰეროინი”, “ალფა პვპ”- ე, “ბუპრენორფინი” და “პრეგაბალინი”.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე კვარტა და 261-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები