თემო მაჭარაშვილი: ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს შესაძლებლობა, გავიცნოთ ახალი პარტნიორები და წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტები
საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწყობილ „როუდშოუებში“ ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ. Travel Bee-ის დამფუძნებლის თემო მაჭარაშვილის განცხადებით „როუდშუები“ ხელს უწყობს კავშირების გაღრმავებას უცხოელ ტუროპერატორებთან და ტურისტული ნაკადების გაზრდას საქართველოში.
„ცალსახად მნიშვნელოვანია B2B შეხვედრები, ვინაიდან ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს, შესაძლებლობა გავიცნოთ ახალი პარტნიორები და წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტები. უცხოეთის ბაზარს შევახსენოთ, რომ საქართველო საინტერესო მიმართულებაა. გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ საფრანგეთიდან გაიზრდება ინტერესი და ტურისტების რაოდენობაც“, – განაცხადა თემო მაჭარაშვილმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოები“ მოეწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. „როუდშოებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო.
კომბინირებული მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.