გივი მიქანაძე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
საქართველოს განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სასწავლო პროცესს გაეცნო და კოლეჯის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
გივი მიქანაძემ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში პროფესიონალი კადრების მომზადების კუთხით კოლეჯის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, კოლეჯი ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პროფესიული კოლეჯების განვითარება და გაძლიერება სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და კოლეჯების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა და ორიენტირებულია სარკინიგზო ინდუსტრიისთვის კადრების მომზადებაზე. სწავლება მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მშენებლობა, მექანიკის ინჟინერია, ელექტროობა და ელექტრონიკა, ასევე მომსახურებისა და უსაფრთხოების სფეროები. კოლეჯი თბილისში, სამტრედიასა და თეთრიწყაროში 20 ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო გარემოთი და გამოცდილ სპეციალისტებზე დაფუძნებული პრაქტიკული სწავლების გზით კოლეჯი უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას. კოლეჯში ამჟამად 622 პროფესიული სტუდენტი და 134 მსმენელი ირიცხება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, კოლეჯების დირექტორებთან და თანამშრომლებთან შეხვედრები, ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება.