დაცული ტერიტორიების სააგენტო SMART პატრულირების მონიტორინგის ახალი ფუნქციის SMART Survey დანერგვას იწყებს
დაცულ ტერიტორიებზე SMART პატრულირების სისტემის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის. იწყება SMART Survey-ის დანერგვის პროცესი, რომელიც ბიომრავალფეროვნების სტრუქტურირებული და რეგულარული მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის საპილოტე ლოკაციად განისაზღვრა მაჭახელას ეროვნული პარკი, სადაც საწყის ეტაპზე დაგეგმილია დათვის მონიტორინგის პილოტირება SMART Survey-ის გამოყენებით. თანამშრომელთა გადამზადების კუთხით, პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART პატრულირება რამდენიმე წელია წარმატებით დაინერგა. SMART პატრულირებისა და მონიტორინგის სისტემა დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების მონაცემებს აერთიანებს.
SMART Survey ფუნქცია ამ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს. SMART Survey არის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ჩანართი, რომლის საშუალებით, რეინჯერები შეძლებენ მიიღონ ზუსტი ინფორმაცია პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული ბიომრავალფეროვნების შესახებ კონკრეტული სახეობების მიხედვით. პროგრამა უზრუნველყოფს ერთიანი ანგარიშების მომზადებას, რუკების, დიაგრამებისა და სხვა ანალიტიკური საშუალებების გამოყენებით.
SMART პატრულირებისა და SMART Survey-ის განვითარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის სისტემის შექმნის მიმართულებით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაცული ტერიტორიების მონიტორინგისა და მართვის ხარისხს. თანამედროვე სისტემის დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით მიმდინარეობს.