საგარეჯოში ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საგარეჯოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების საკითხები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა ჭიპაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ქარსაფარ ზოლების აღდგენასთან დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად გააცნო.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ კაკუტაშვილი ესწრებოდა.
ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს ქარსაფარი ზოლების სარგებლიანობაზე, აღდგენა-გაშენების სრულ ციკლზე, რომელიც მოიცავს ქარსაფარი ზოლის ინდივიდუალურ პროექტირებას, მერქნიანი მცენარეების დარგვასა და ხუთწლიანი მოვლის ეტაპებს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქარსაფარ ზოლებს გააჩნია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ფუნქცია, იგი იცავს ნიადაგს ქარისმიერი ეროზიისგან, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობაზე და მეურნეობების გრძელვადიან სტაბილურობაზე.
დისკუსიაში ჩაერთვნენ ის ფერმერები, რომელთა მიწის ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლებს ესაზღვრება. მათ ისაუბრეს დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა ნარგავების შენარჩუნებაში ადგილობრივი მოსახლეობის სწორ ჩართულობაზე, რასაც პროექტის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქარსაფარი ზოლის სტატუსი მინიჭებული აქვს 421.91 ჰა მიწის ფართობს და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ქარსაფრის სტატუსით რეგისტრაცია მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენების პროექტის დასაწყებად.