ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო. დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ორი სკვერი და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში, პირველი-მეორე კორპუსების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. საუბარია ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, განათების სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა კომბინირებულ სპორტულ მოედანს. გარდა ამისა, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სასეირნო ბილიკი, დაიგო ხე-მცენარეები. ცალკე გამოყოფილია სავარჯიშო სივრცეც, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგებულია და სასიამოვნო გარემოა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში. მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებას ქალაქის ყველა უბანსა და რაიონში მომავალშიც განვაგრძობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი და სარწყავი სისტემა, განთავსდა შესაბამისი საპარკო ავეჯი და მოწესრიგდა კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობები. პროექტის დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდა და დაირგო 222 ძირი ხე-მცენარე. განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც.

დასასვენებელი სივრცეებისა და სპორტული მოედნის პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 949 000 ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და პარლამენტის დელეგატი ზურაბ რურუა იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები