კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილეს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
„წლევანდელი ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, 10 თვის წინასწარი მონაცემებით, 7.6%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდაა. შესაბამისად, განახლებული პროგნოზი წარმოვადგინეთ, რომელიც წელს 7,2%-იან ზრდას ითვალისწინებს”, – განაცხადა მომხსენებელმა.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, განახლებული პროგნოზით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 104 407 მილიონი ლარი იქნება.
მისივე ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი 222,6 მილიონი ლარით იზრდება და 32 133,5 მილიონი ლარით განისაზღვრება.
საგადასახადო შემოსავლები 200,0 მილიონი ლარით იზრდება და 25 505,0 მილიონი ლარია. გრანტები და სხვა შემოსავლები 401,2 მილიონი ლარით იზრდება.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 22,7 მილიონი ლარით იზრდება და 27 583,5 მილიონ ლარს შეადგენს.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, შემოსავლების ნაწილში ზრდა 381 მილიონი ლარია. შემოსავლების მთლიანი მაჩვენებელი 23 816 მილიონი ლარით განისაზღვრება.
საგადასახადო შემოსავლები 55 მილიონი ლარით იზრდება, სხვა შემოსავლების ნაწილში ზრდა 340 მილიონი ლარია.
წარმოდგენილი ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 27 952.9 მილიონი ლარია და დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 11.2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მომხსენებლის ინფორმაციით, საბიუჯეტო ასიგნებები შემდეგი მიმართულებებით იცვლება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 133 მილიონი ლარით და განისაზღვრება 8 953,0 მილიონი ლარით. მათ შორის, 195 მილიონი ლარი დამატებით არის გამოყოფილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 248,3 მილიონი ლარით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი – 110 მილიონი ლარით, სპორტის სამინისტროს დაფინანსება კი – 32 მილიონი ლარით.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, გარკვეულ უწყებებში ასიგნებები შემცირდება. მათ შორისაა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის დაფინანსება 11,0 მილიონი ლარით მცირდება, რაც, ძირითადად, სავალუტო კურსის გამყარების შედეგად ეკონომიას უკავშირდება.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გამოყოფილი ასიგნებები, სავალუტო კურსის გამყარების შედეგად ეკონომიის გათვალისწინებით, 100,0 მილიონი ლარით მცირდება.
„საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯებში არ არის. თანხები სტრუქტურულად არის გადანაწილებული. ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 2,5%-ის დონეზეა შენარჩუნებული, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი – 34,1%-ზე”, – განაცხადა მომხსენებელმა.
ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების წევრებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დადებითად შეაფასეს და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.