გაერო-ს უშიშროების საბჭოს დელეგაცია ამ კვირაში სირიასა და ლიბანს ეწვევა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრი სახელმწიფოს დელეგაცია ამ კვირაში ლიბანსა და სირიას ეწვევა.

აღნიშნულის შესახებ სლოვენიის წარმომადგენელმა გაერო-ში, სამუელ ჟბოგარმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც ლიუბლიანა საბჭოს თავმჯდომარეობას იკისრებს.

ჟბოგარმა ჟურნალისტებს ამცნო, რომ სლოვენია დეკემბრის პირველ კვირაში მოგზაურობას უხელმძღვანელებს, რაც საბჭოს პირველი ვიზიტია რეგიონში ექვსი წლის განმავლობაში და პირველი ვიზიტი სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და წელს ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ.

მისი თქმით, დელეგაცია იმედოვნებს, რომ ვიზიტი სირიელებთან ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს და აღნიშნა, რომ „14 წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ განცდა, რომ გაერო მათთან არ იყო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

„ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავცემთ გზავნილებს, თუ რას ველით სირიისგან ინკლუზიურობის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა ელემენტების შესახებ.

ჩვენ აუცილებლად წავახალისებთ დიალოგს სირიასა და ისრაელს, სირიასა და ლიბანს და სირიას ყველა სხვა მეზობელთან.

სლოვენიის თავმჯდომარეობის ფარგლებში ასევე გაიმართება ღია დებატები თემაზე „ლიდერობა მშვიდობისთვის“ და ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა ავღანეთთან დაკავშირებით. ხოლო საბჭო, დეკემბრის განმავლობაში, მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს პალესტინასა და უკრაინას”,- დასძინა მან.

როგორც მედია აღნიშნავს, ვიზიტი ასადის რეჟიმის დამხობის პირველ წლისთავს, 2024 წლის 8 დეკემბერს ემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები