არჩევნები ჰონდურასში –  ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატი მცირე უპირატესობას ინარჩუნებს

ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, დაძაბულ ბრძოლაში, მცირე უპირატესობას ინარჩუნებს.

მემარჯვენე ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა ნასრი ასფურამ, წინასწარი დათვლის შედეგად, ხმების, დაახლოებით, 41% მიიღო, მას მოჰყვება ლიბერალური პარტიის კანდიდატი სალვადორ ნასრალა, დაახლოებით, 39%-ით. მმართველი პარტიის, LIBRE-ს წარმომადგენელმა რიქსი მონკადამ კი ხმათა 20% მიიღო.

ჰონდურასის მოსახლეობამ ასევე აირჩია 128-კაციანი კონგრესი, ადგილობრივი მერები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მედიის ინფორმაციით, მანამდე, ტრამპი დაძაბულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია და ქვეყნისთვის დახმარების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ მისი ფავორიტი კანდიდატი, ასფურა, წარმატებას ვერ მიაღწევდა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეიწყალებდა ყოფილ პრეზიდენტ ხუან ორლანდო ერნანდესს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ჰონდურასი შესაძლოა გახდეს ლათინური ამერიკის მორიგი ქვეყანა, სადაც, არგენტინისა და ბოლივიის მსგავსად, მემარცხენეების მრავალწლიანი მმართველობა დასრულდება და მემარჯვენე მიმართულებით გადაიხრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები