გია ვოლსკი: პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება, პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია კი გაცილებით უფრო ეფექტური იქნება

“პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება, პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია კი გაცილებით უფრო ეფექტური იქნება,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უშიშროებასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული.

„გლობალური დაპირისპირებების გამწვავება სახეზეა. უშიშროებასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული, მათ შორის პატარა ქვეყნები, რასაკვირველია, საქართველოც ამ გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსებით არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს უნდა იქნეს დეკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს რასაკვირველია, გააჩნია. პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. არსებობს ეკონომიკური ბლოკი, საერთაშორისო ურთიერთობათა ბლოკი, განათლების საკითხები. ამ მთლიან თემებს პრემიერ-მინისტრი წარმატებით ართმევს თავს. ყოველ შემთხვევაში, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ წარმატებით ართმევს თავს, მაგრამ ეს ნაწილი, რომელიც ეხება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციას სახელმწიფოს დასაცავად, მისი უსაფრთხოების დასაცავად, იქნება კიდევ უფრო გაძლიერებული ამ სამთავრობო სტრუქტურაში. ასე რომ, შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაც შეეხება პროცედურას – ბიუროზე შემოვა ეს საკითხი და მთავრობაში შესაბამისი დადგენილების თაობაზე, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები